ქუვეითში ერაყის სარეაბილიტაციო ფორუმი გაიხსნება

დღეს ქუვეითის დედაქალაქში სტარტს აიღებს ომის შემდგომი ერაყის აღსადგენი საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია.

მასშატაბური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 1400-ზე მეტი წარმომადგენელი მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან, 14 თებერვლამდე გასტანს. ცნობილია, რომ ერაყელი ჩინოვნიკებისა და სხვა არაბული ქვეყნების მაღალჩინოსნების გარდა, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.

ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდარ ალ-აბადის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე გაანადგურეს „ისლამური სახელმწიფო“, ბაღდადს ქვეყნის რეაბილიტაციისთვის 55-დან 100 მილიარდ დოლარამდე თანხა დასჭირდება.

შეგახსენებთ, ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება ერაყის ხელისუფლებამ გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა.

კოკა კვირკველია