BITFURY ჯგუფი თბილისის მეტროზე 5-ჯერ, რკინიგზაზე კი 2-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს

Bitfury ჯგუფი თვეში საშუალოდ 27-28 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს. ეს თითქმის ხუთჯერ მეტია თბილისის მეტროს და ორჯერ მეტია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ თვეში საშუალოდ მოხმარებულ ელექტროენერგიასთან შედარებით.

თბილისის მეტროპოლიტენი წელიწადში საშუალოდ 65 მლნ კვტ.სთ დენს ხარჯავს, (თვეში დაახლოებით 5,4 მლნ. კვტ/სთ), „საქართველოს რკინიგზას“ კი თვეში 13-15 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგია სჭირდება.

„კომპანია BitFury საქართველოში ოპერირებს და მას ბიტკოინის მაინინგის სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ მოიხსენიებენ. 2016 წლის მონაცემებით, BitFury არსებული ბიტკოინების 15%-ს მაინინგს ახორციელებდა“, - ეს ინფორმაცია დასავლურმა მედიამ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა. საქართველოს გარდა კი ყველაზე დიდი რაოდენობით ბიტკოინის მაინინგი ჩინეთსა და ამერიკაში ხდება.

მაინინგის დროს კი, ურთულესი მათემატიკური ალგორითმების შედეგად, კომპიუტერი სისტემაში ახალ ბიტკოინებს უშვებს. დროთა განმავლობაში ბიტკოინის მოპოვება უფრო და უფრო მეტად რთულდება, წარმატებული მაინინგისთვის კი, შესაბამისად, უფრო მეტი ელექტროენერგია არის საჭირო. მეტი ენერგორესურსი გაზრდილ ხარჯებს გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ხარჯების ოპტიმიზაციისთვის, მაინერების დიდი რაოდენობის განთავსება ისეთ ქვეყანაშია გონივრული, სადაც ელექტროენერგიას დაბალი ღირებულება აქვს.

სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ბიტკოინის მაინინგით მსოფლიო სამეულში დასახელდა, რასაც დროში დაემთხვა ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, ექსპერტებში, პოლიტიკოსებსა და მთლიანად საზოგადოებაში საქართველოში Bitfury ჯგუფის საქმიანობის მიმართ არაერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა, განსაკუთრებით კი საქმე ელექტროენერგიის მოხმარებას და შეღავათიან ტარიფებს ეხებოდა.

Bitfury ჯგუფმა კი მოგვიანებით მოხმარებული ელექტროენერგიისა და ტარიფის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორ Bitfury-ში აცხადებდნენ, კომპანია ერთ კილოვატ საათ ელექტროენერგიაში 13.65 თეთრს იხდის, ტარიფის გაზრდამდე კი ის კილოვატზე 12.3 თეთრს იხდიდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ კომპანია არ იხდის დენის ტარიფის შემადგენელ დამატებითი ღირებულების გადასახადს, რაც კილოვატზე 2.46 თეთრს შეადგენს.

2017 წლის დეკემბრის თვის ელექტროენერგიის ქვითარი დოკუმენტის მიხედვით, Bitfury-მ 2017 წლის დეკემბერში 27,017,100 კილოვატი დაწვა, რაშიც თელასს 3,329,587 ლარი გადაუხადა. ნოემბერში კი კომპანიის დენის დანახარჯმა 28,516,620 კილოვატი შეადგინა, რაშიც კომპანიამ თელასს 3,514,388 ლარი გადაუხადა.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ 2017 წლის ნოემბერში Bitfury-ი ჯგუფის ჯგუფის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის წილმა მთლიანი მოხმარების 2,6% შეადგინა, დეკემბერში კი 2,2%. ესკოს მონაცემებით 2017 წლის ნოემბერში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1,057,266,000 კვტ/სთ შეადგინა, დეკემბერში კი 1,216,577,000 კვტ/სთ. რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზას“, დეკემბერში მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის წილი მთლიანი მოხმარების მაქსიმუმ 1,2% შეადგინა, თბილისის მეტროს წილმა კი 0,4%.

როგორც ცნობილია, Bitfury-ის საქართველოში ეკუთვნის 18-ჰექტარიანი თავისუფალი ეკონომიკური ზონა და მასში განთავსებული ბლოკჩეინ დატა ცენტრი, სადაც ბიტკოინების მაინინგი ხდება. აღნიშნული ცენტრის სიმძლავრე 40 მეგავატია. კომპანია ასევე ფლობს დაახლოებით 20 მეგავატის ცენტრს გორში.