"ტაქსებთან დაკავშირებული რეფორმა არ გულისხმობს, რომ ტაქსით მგზავრობის საფასური გაიზრდება ან ვინმე სამუშაო ადგილის გარეშე დარჩება"

სამეტაპიანი რეფორმა არ გულისხმობს, რომ ტაქსის საფასური გაიზრდება ან ვინმე სამუშაო ადგილის გარეშე დარჩება. ნებისმიერი მცდელობა, რომ ტაქსის რეგულირების საკითხი გადაიყვანონ ამ ფორმატში, არასწორია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საკრებულოში, ფრაქცია „ევროპული საქარათველოს“ სხდომის შემდეგ, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ტაქსების აღრიცხვის მიზნით პირველ ეტაპზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

მაია ბითაძის თქმით, ამ მიმართულებით მათ დაწყებული აქვთ მუშაობა, კერძოდ, ტაქსების რეგულაციაზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს კანონს, რის შემდეგაც საკრებულოს შესაბამისი აქტის გამოცემის უფლება ექნება და მერია ტაქსების აღრიცხვიანობას დაიწყებს.

ბითაძის განცხადებით, მძღოლებს მიეცემათ გარკვეული დრო, რომ გაიარონ რეგისტრაცია, რომელიც იაფი პროცედურა იქნება.

„სამეტაპიანი რეფორმა არ გულისხმობს, რომ ტაქსის საფასური გაიზრდება ან ვინმე სამუშაო ადგილის გარეშე დარჩება. ნებისმიერი მცდელობა, რომ ტაქსების რეგულირების საკითხი გადაიყვანონ ამ ფორმატში, არასწორია. ჩვენი მთავარი მიზანია, ისევე როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სფერო, მგზავრისა და მძღოლის უსაფრთხოება იყოს დაცული და ასევე უსაფრთხო იყოს ტაქსით გადაადგილება. რეფორმის პირველი ეტაპი თავის თავში გულისხმობს სანებართვო ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემას, ეს იქნება მარტივი პროცედურა. საქართველოს პარლამენტი განხილვის შემდეგ მიიღებს კანონს, რომლის საფუძველზე საკრებულო შესაბამის აქტს გამოსცემს და ჩვენ დავიწყებთ ნებართვების გაცემას, ანუ ტაქსების აღრიცხვიანობას. კანონის მიღების შემდეგ უკანონოდ ჩაითვლება ნებისმიერი საქმიანობა ტაქსის მძღოლებისთვის. შემდეგ თანდათან ჩვენ გადავალთ რეფორმის მეორე ეტაპზე“ - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, რეფორმის განხორციელებაში ჩართულები არიან უცხოელი პარტნიორები, რომლებიც ევროპისა და განვითარების ბანკის (EBRD) საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ეხმარება მერიას. ბითაძის განცხადებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება შეჯერებული იქნება ამ საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებასთან. მისივე თქმით, მეორე მხრივ, რეფორმა დაეყრდნობა იმ გამოცდილებას, რომელიც საქართველოს მსგავს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს გააჩნია.

ბითაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.