ტაქსების რეგულირების საკითხი ფრაქცია „ევროპული საქართველოსთვის“ კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის მიერ გამართული სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ათასობით ადამიანს საკუთარი ავტომანქანის ტაქსის მიზნით გამოყენების შესაძლებლობას გაურთულებს.
„ეს რეგულაციები ტაქსის მძღოლებისთვის რეგრესული ნაბიჯია. მთელი მსოფლიო დერეგულირების გზით მიდის, იქმნება ახალი თანამედროვე აპლიკაციები, არის კონკურენცია, არსებობს ძვირიანი და იაფი ტაქსები და ყველა მომხმარებელი, თუ როგორი ტრანსპორტით უნდა გადაადგილდეს, ამის მიხედვით იძახებს ტაქსს ან აჩერებს ტაქსს ქუჩაში. ტრანსპორტის და მოძრაობის უსაფრთხოება არის აბსოლუტურად სხვა რამ და იგი ტაქსებს არ ეხება. უსაფრთხო და გამართული უნდა იყოს ყველა მანქანა. ეს სულ სხვა სფეროს რეგულირების საკითხია. ტაქსებზე ქალაქის მერიის რეგულატორული პოლიტიკა გამოიწვევს მხოლოდ ისედაც გაღარიბებული ადამიანების კიდევ გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, მათი ფრაქცია შეეცდება დაარწმუნოს ქალაქის მერია, რომ ამ სფეროში რეფორმას ვერ განახორციელებენ და იგი ცუდ შედეგს მოიტანს.