პაციენტების სამედიცინო ისტორიის ელექტრონიზაცია თბილისისთვის წლის ბოლოს გახდება სავალდებულო, მთელი საქართველოსთვის - მომავალი წლიდან

პაციენტების სამედიცინო ისტორიის ელექტრონიზაცია თბილისისთვის წლის ბოლოს გახდება სავალდებულო, ხოლო მთელი საქართველოსთვის - მომავალი წლიდან , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პაციენტების ისტორიების ელექტრონიზაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ზოგადად, პაციენტის სამედიცინო ისტორია დიდი დოკუმენტია, რომელიც იწყება მისი დაბადებიდან, პირველი ვიზიტებიდან, ვაქცინაციებიდან, რაც კი სერვისი დასჭირვებია ცხოვრებაში და ასევე მისი მონაცემებით, როგორიცაა ალერგია, ამა თუ იმ დაავადებისკენ მიდრეკილება და ა.შ. არსებულ სისტემაში ეს არის ქაღალდზე დატანილი ინფორმაცია, რომლებიც გაფანტულია და იშვითადაა თავმოყრილი. ასევე, პაციენტს ის თან არ დააქვს. როდესაც ის სხვა ქალაქში შეიძლება მოხვდეს ექიმთან, შეიძლება თითონვე დაავიწყდეს, ან უგონო მდგომარეობაში იყოს და ვერ უთხრას. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა ქაღალდის მატარებლის ელიმინაციას ახდენს, და სრულ წვდომას ანიჭებს არა მარტო დოკუმენტაციაზე, არამედ მის კვლევებზე, როგორიცაა, მაგალითად, რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და ეს ყველაფერი იქნება მიწვდომადი. ეს დაწყებულია, პილოტირებას გადის 4 კლინიკაში, სრულად გადართვა მოხდება და სავალდებულო გახდება წლის ბოლოს თბილისისთვის, ხოლო მომავალი წლიდან მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა სერგეენკომ.