„პრობლემა არ არის, თუ რუსული კომპანიის წარმომადგენლობა იღებს ტენდერში მონაწილეობას“- განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რუსული სამშენებლო კომპანია „ნიკარემსტორზე" დასმული შეკითხვის კომენტირებისას.
საუბარია თბილისში ორ ლოკაციაზე გამოცხადებულ ტენდერზე. "ნიკარემსტორი" ერთადერთი კომპანია, რომელმაც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში წინადადებები წარადგინა. ერთი ტენდერი ეხება მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის კვეთაზე ესტაკადის მშენებლობას, მეორე კი ცინცაძე-კარტოზიას გადაკვეთაზე ესტაკადის მოწყობას. ამასთან, აღნიშნული კომპანია „შავ სიაში“ იყო შეყვანილი.
„შესაძლოა, ადრე იყო „შავ სიაში“, მაგრამ ახლა არ არის, რადგან როცა დისკვალიფიკაციის ვადა გადის, კომპანიას უკვე შეუძლია ტენდერში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ თუ ახლაც „შავ სიაშია“, ფიზიკურად ვერ მოახერხებს ტენდერში მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობს ტენდერში, გეტყვით, რომ ეს არ არის სწორი, რადგან ვერც თქვენ და ვერ მე ფიზიკურად ვერ შევძლებდით ამის გადამოწმებას, რადგან ტენდერები არის დახურული და ვერც ერთი კომპანია ვერ ნახავს თუ ვინ მონაწილეობს ტენდერში და რა ფასს წარადგენს. ეს არის დახურული, რათა ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. დაველოდოთ ვინ იქნება გამარჯვებული. კომპიუტერი ამას ავტომატურად გამოავლენს", - განაცადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლების სახელები სხვა პროექტებში სატენდერო პირობების დარღვევაში ფიგურირებენ, კალაძემ უპასუხა,რომ ტენდერში არა ფიზიკური, არამედ იურიდიული პირი მონაწილეობს და არ ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით რაიმე პრობლემა იქნება.
„არც ის არის პრობლემა, თუ რუსული კომპანიის წარმომადგენლობა იღებს ტენდერში მონაწილეობას. ჩვენ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კომპანიებს შეუძლიათ ჩამობრძანდნენ საქართველოში, ინვესტიცია განახორციელონ, ხალხი დაასაქმონ, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მოვესალმებით", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის თხოვნას დედაქალაქის მერიისადმი, რომ კარგად შეისწავლონ ამ კომპანიის საქმიანობა და ისე მიიღონ გადაწყვეტილება, თბილისის მერი პასუხობს, რომ "ძალიან ნუ დაიტვირთება ოპოზიცია".
„მინდა მათ ვთხოვო, რომ ძალიან არ გადაიღალონ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ტენდერი რომელიც ჩატარდება იყოს გამჭვირვალე და არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ გაჩნდეს. ნუ ინერვიულებენ, თხოვნა მექნება", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
„ნიკარემსტროის“ ფილიალი საქართველოში 2016 წელსაა რეგისტრირებული, სათაო ოფისი კი რუსეთში მდებარეობს. კომპანიას რეესტრის მონაცემებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მალხაზ ლომსაძე ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ შპს "ნიკარემსტროის საქართველოს ფილიალი" ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „შავ სიაშიც“ კი იყო შეყვანილი.