ახალი სავაჭრო კვირა ოქროს ფასმა ზრდით დაიწყო, რისი მთავარი მიზეზიც, დოლარის კურსის შემცირება გახდა.
ამ კვირაში ინვესტორები შეერთებულ შტატებში ინფლაციის სტატისტიკურ მონაცემებს ელიან. ამ სტატისტიკის შესაბამისად, ანალიტიკოსები ფედრეზერვის მიერ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევის სიხშირის პროგნოზირებას შეძლებენ. ამას კი დოლარის კურსზე და ოქროს ფასზე ძლიერი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია.
დღეს შუადღისთვის ტროას უნცია ოქროს ფასი 1 321.27 დოლარი იყო. შედარებისთვის, გასული კვირის ბოლოს ფასი 1 316.26 დოლარზე დაიხურა. სულ გასული კვირის განმავლობაში, ყვითელი მეტალის ფასი 1.2 პროცენტით შემცირდა. ეს იყო ზედიზედ მეორე კვირა, როცა ოქროს ფასზე კლება დაფიქსირდა. შეერთებული შტატების ოქროს ბაზარზე, აპრილის ფიუჩერსების ფასი 7.5 დოლარით გაიზარდა და 1 323.2 დოლარს მიაღწია.
რაც შეეხება დოლარის ინდექსს, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან ამერიკული დოლარის საშუალო კურსს ასახავს, 0.26 პროცენტით, 90.205-მდე შემცირდა. თუმცა კვირის განმავლობაში ინდექსი 1.4 პროცენტით გაიზარდა, რაც მსოფლიო საფონდო ბაზრებზე წარმოქმნილმა არასტაბილურობამ და ამის კვალობაზე, ინვესტორების მიერ, აქცენტის ურისკო აქტივებზე გადატანამ განაპირობა.
ოთხშაბათს შეერთებულ შტატებში იანვარში სამომხმარებლო ფასების სტატისტიკა გამოქვეყნდება, რომელთა მიხედვითაც, შესაძლებელი გახდება ინფლაციის ზრდის ტემპის განსაზღვრა. ამის მიხედვით კი ანალიტიკოსები წარმოადგენენ ახალ ვარაუდს იმის შესახებ, თუ ფედრეზერვის მიერ დოლარზე განაკვეთის აწევა წლის განმავლობაში რამდენჯერ იქნება მოსალოდნელი.
შრომის ბაზრის იანვრის სტატისტიკამ აჩვენა, რომ ინფლაციის ზრდის ტემპს აჩქარების რეალური საფუძველი აქვს. ამის საფუძველზე, ფედრეზერვისგან დოლარზე განაკვეთის ოთხჯერ აწევაა მოსალოდნელი. ამ მოლოდინმა სახელმწიფო ბონდების მომგებიანობის ზრდა და აქციებზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია, რამაც დოლარის (როგორც რისკებისგან თავშესაფარი აქტივის) გამყარებას შეუწყო ხელი.
ამ ყველაფრის კვალობაზე, ჰეჯ ფონდებმა და საინვესტიციო კომპანიებმა, კომექსის პლატფორმაზე, ოქროსა და ვერცხლზე გრძელი (ყიდვის) პოზიციების რიცხვი, ბოლო რვა კვირაში პირველად შეამცირეს.