"კორპუსები ისე მჭიდროდ შენდება, იქ ხეების დარგვა შეუძლებელია"

50-ზე მეტი ჯიშის ხეს შორის, რომელიც თბილისის მერიამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა, შესაძლოა, რამდენიმე მათგანი თბილისის კლიმატური პირობებისთვის შეუსაბამო აღმოჩნდეს. როგორც Allnews.ge-ს თბილისის ბოტანიკური ბაღის მერქნიან მცენარეთა ინტროდუქციის განყოფილების გამგე, სვეტლანა ხმალაძემ განუმარტა, თბილისის მერიის მიერ შემოთავაზებულ სიაში მცენარეთა დიდი ნაწილის შენარჩუნება სწორი ადგილმდებარეობის შერჩევის შემთხვევაში შესაძლებელია, თუმცა სპეციალისტს რიგ სახეობებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.

მისი თქმით, დაახლოებით 10 სახეობის ხე-მცენარე, ძირითადად, ტენიანი კლიმატის მოყვარულია, ამიტომ თბილისის პირობებში მათი შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი იქნება. ასეთ სახეობებს წარმოადგენს ხე ტიტა, ხე მარწყვა, ჭნავი, ცირცელი, დასავლური ჭადარი, წითელი მუხა, თათრული ნეკერჩხალი, იაპონური ძელქვა, ვირჯინიანა, ამბრის ხე და, მათ შორის, კორპის მუხაც, რომლის ქალაქის პირობებისთვის შეგუების საკითხს სვეტლანა ხმალაძე ეჭვქვეშ აყენებს.

"პრიორიტეტულ ჩამონათვალში წარდგენილი ხეების ძირითადი ნაწილი ქალაქის გამწვანებაში ჩვენ უკვე გვაქვს, თუმცა სიაში გვხვდება ისეთი სახეობები, რომლებიც თბილისის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ქუჩის გამწვანებაში საკმაოდ ძნელად გასახარებელია. მაგალითად, ასეთია ხე ტიტა, ასევე დასავლური ჭადარი, რომლის ჰიბრიდული ფორმა, ნეკერჩხლისფოთოლა ჭადარი ძალიან გავრცელებულია, ძირითადად ტენიან კლიმატში ხარობს და გვალვას მიჩვეული არ არის," - განმარტავს სვეტლანა ხმალაძე.

მისი განმარტებით, თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი ხე-მცენარეების ჩამონათვალი გათვალისწინებულია, როგორც ქალაქის ქუჩებზე, ისე სკვერებზე, თუმცა, როდესაც სახეობების შერჩევა ხდება, აქცენტი უნდა გაკეთდეს დაბლობი ადგილებისთვის და არა ქალაქის შემოგარენისთვის შესაფერის ხე-მცენარეებზე.

"გამძლეობის თვალსაზრისით, კორპის მუხაც ეჭვქვეშაა, რადგან არც ყინვაგამძლეა და არც გვალვაგამძლე, მთელი ქალაქის გამწვანებაში კი მისი მხოლოდ ერთი ეგზემპლარი გვხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ინვაზიურია და ადგილობრივ სახეობებს კონკურენციას უწევს, მას ინდივიდუალური მიდგომა და ადგილის სწორად შერჩევა ესაჭიროება. მაგალითად, მისი დარგვა უმჯობესი სკვერებსა და პატარა პარკებში იქნება. ასევე, ეჭვქვეშ არის იაპონური ძელქვას საკითხი, რომელიც შეიძლება ჩვენი, ქართული ძელქვათი ჩავანაცვლოთ. ეს სახეობა ტენიანი რეგიონიდან, ტაივანიდან მოდის და სხვა კლიმატური პირობები ესაჭიროება. ასევე, ტროტუარებზე თათრული ნეკერჩხლის დარგვა შესაფერისი არ იქნება, მისი პარკებში და სკვერებში ჯგუფებად დარგვა უმჯობესია", - განმარტავს სვეტლანა ხმალაძე.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ზოგადად, მუხის საკითხიც, რომლისთვისაც სწორი ადგილები უნდა შეირჩეს.

გაგრძელება იხილეთ