„რეზონანსი" - მოსახლეობა ყოველ წელს ნახევარი მილიარდი ლარის ქონებას კარგავს

სხვადასხვა საფინანსო კომპანიისა და კერძო პირების მიერ დასაკუთრებული ქონება ყოველ წელს ასეულობით მილიონ ლარს აღწევს. მხოლოდ კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების წილი, ბოლო მონაცემის მიხედვით, 210 მლნ ლარს გაუტოლდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მიკროსაფინანსოები და მევახშეები, ჯამში, გაცილებით მეტი ქონების რეალიზებას ახდენენ, ბოლო წლებში მინიმუმ 2/3-ს ისინი ისაკუთრებენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელს სხვადასხვა ფინანსური ჯგუფის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა ნახევარი მილიარდი ლარის ფარგლებში იქნებოდა.

ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის მე-4 კვარტალის მონაცემებით, დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობამ 209 192 767 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის ქონება "საქართველოს ბანკის" ანგარიშზე ირიცხება. 2017 წლის მე-4 კვარტალის მონაცემებით, ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 94,9 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე - 58,5 მლნ ლარით არის "თიბისი ბანკი". სამეულში შედის "ბანკი ქართუ", რომლის ანგარიშზეც 31,8 მლნ ლარის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონებაა.

დანარჩენი ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მაჩვენებლი კი ასე გამოიყურება: "ვითიბი ბანკი" - 9 621 861 ლარი, "ტერა ბანკი" - 5 922 476 ლარი, "ბაზისბანკი" - 5 440 010 ლარი, "სილქ როუდ ბანკი" - 1 159 039 ლარი, "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო" - 600 000 ლარი, "ბანკი კრედო" - 357 866 ლარი, "ხალიკ-ბანკი საქართველო" - 310 450 ლარი.

მდგომარეობა სულ უფრო უკონტროლო ხდება, რადგან წლიდან წლამდე ბანკების, სხვა საფინანსო ორგანიზაციების ან თუნდაც კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული ქონების წილი მკვეთრად იზრდება. მონაცემები, რომლებსაც ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" აქვეყნებს, შემდეგი სახისაა: 2011 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, სსიპ "აღსრულების ეროვნული ბიუროს" მიერ სულ რეალიზებულია 11 796 უძრავი ქონება, 2014 წელს - 1343 ერთეული, 2015-ში - 1 410-მდე. 2016 წელს აუქციონის წესით რეალიზებული უძრავი ქონება 359-ით გაიაზარდა და 1 769 შეადგინა. კონკრეტულად 2016 წელს რეალიზებული უძრავი ქონებიდან კომერციულ ბანკებზე 454 (25.7%) მოდიოდა. 337 შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, რაც საერთო რაოდენობის 19%-ის ტოლია. 978 შემთხვევაში კრედიტორებს კერძო მევახშეები და იურიდიული პირები წარმოადგენენ, რაც მთლიანი რაოდენობის 55.3%-ია.

2016 წლის ტენდენციისგან დიდად არ განსხვავდებოდა შარშანდელი წელი. მართალია, ზუსტი საერთო მონაცემები ჯერ არ არსებობს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ შარშანაც იძულებით რეალიზებული ქონების ნახევარი კერძო მევახშეებმა მიისაკუთრეს, ხოლო დაახლოებით მეხუთედი - მიკროსაფინანსოებმა. შესაბამისად, თუკი მხოლოდ ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების წილი 210 მლნ-ს აღწევდა, მსო-ები და მევახშეები ჯამში გაცილებით მეტი ქონების რეალიზებას მოახდნენდნენ, რადგან ბოლო წლებში მინიმუმ 2/3-ს ისინი ისაკუთრებენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელს სხვადასხვა ფინანსური ჯგუფის დასაკუთრებული ქონების მოცულობა ნახევარი მილიარდი ლარის ფარგლებში იქნებოდა.

"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ განაცხადა, რომ მსესხებელი იმიტომ მიდის კერძო მევახშესთან, მას სესხს არ უმტკიცებს არც ბანკი და არც მიკროსაფინანსო.

"ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ითხოვენ კომერციული ბანკები და ასევე სხვა საფინანსო კომპანიები უძრავი ქონებით სესხის უზრუნველყოფას, რამდენად გავრცელებულია ასეთი მეთოდით მუშაობა. ჩვენ ყოველწლიურად ვიკვლევთ დასაკუთრებულ უძრავი ქონების მოცულობას (ოღონდ - აღსრულების ბიუროს მიერ აუქციონზე გაყიდულს) და იქ, როგორც წესი, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კერძო მევახშეებისა. ეს მათი ინტერესიდან მომდინარეობს. მევახშეები შეფასებული თანხის დაახლოებით 30-40%-ს გასცემენ სესხის სახით, ბანკმა კი შეიძლება, 80%-მდეც დააკრედიტოს. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ კერძო მევახშეთა დიდი ინტერესი მოდის უძრავ ქონებაზე.

რაც შეეხება მსესხებელს, ის იმიტომ მიდის მევახშესთან, რომ სესხს არ უმტკიცებს ბანკი და მიკროსაფინანსო. სხვა შემთხვევაში კერძო პირისგან ორმაგ ფასად იმავე პროდუქტს, რასაც საფინანსო სექტორი სთავაზობს, არავინ შეიძენდა. განსხვავებაა გადახდის მხრივაც, როდესაც ბანკებსა და მიკროსაფინანსოებში პროცენტთან ერთად ძირი თანხაც იფარება. კერძო გამსესხებელთან პროცენტის გადახდის შემთხვევაში ძირი უცვლელი რჩება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კეპულაძემ.

ბანკების, საფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული ქონების მიზეზად სოციალურ პრობლემებს ასახელებს ეკონომისტი ირაკლი ბერძენაძე. მისი თქმით, მსგავსი ტენდენცია მოსახლეობის გადახდისუუნარობის გამო იზრდება. კერძო მევახშეებისგან განსხვავებით, კომერციული ბანკებისთვის ქონებაზე მაღლა თანხით ანგარიშსწორება დგას.

"სიტუაცია საკმაოდ რთულია. წინა წლებთან შედარებით, აშკარად არის გაზრდილი დასაკუთრებული უძრავი ქონების მოცულობა. საუბარია იმ ქონებაზე, რომელიც გავიდა აუქციონზე და შემდეგ ბანკის მიერ მოხდა მისი შესყიდვა. როდესაც 209 მილიონი ლარის ქონების დასაკუთრება ხდება, ეს ნიშნავს, რომ რეალურად გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა.

ასევე აქ მნიშვნელოვანია, რა ტიპის ქონება არის იძულებით რეალიზებული: საცხოვრებელი ბინები, საოფისე ფართები, თუ მიწის ნაკვეთები. აქ აშკარად იკვეთება მსხვილი ბანკების დომინირება ამ მიმართულებით.

ბანკებისთვის კრედიტში ჩადებული ქონება არის მომგებიანი, მაგრამ მას პრიორიტეტი ნამდვილად არ ენიჭება. მათთვის მთავარია მისაღები თანხა, რომელიც წინ დგას ნებისმიერ უძრავ ქონებაზე. ნაღდი ანგარიშსწორება არის ლიკვიდობის მაჩვენებლი. უძრავი ქონებაც, აქტივების ნაწილში ხელს უწყობს ბანკის ლიკვიდობის ზრდას, მაგრამ აქაც არის რისკი, რადგან მისი ქცევა ფულად რესურსად მთელ რიგ შემთხვევაში ბანკსაც კი უჭირს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ბერძენაძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი „რეზონანსი"