სათამაშო ბიზნესის პოპულარობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა და, პრაქტიკულად, ყველა მსურველს პირადი კაზინოს მოწყობა სახლში შეუძლია. შესაბამისად, აზარტული თამაშებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ბევრი ოჯახისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად ისმის საუბრები რომ აღნიშნული სფერო გარკვეულწილად მოწესრიგებას საჭიროებს. თუმცა, დღესდღეობით, რეალურად პრობლემის მოგვარების ქმედითი და ეფექტური სტრატეგია არ ჩანს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი, ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესის მოცულობები საგანგაშო სახეს იძენს და, რა თქმა უნდა, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური მექანიზმების ამოქმედება. როგორც ანდრია გვიდიანმა აღნიშნა, დასახელებული კომპანიების მოგება ყოველწლიურად მზარდია. მაგალითად, 2010 წელს ამ სექტორში წლიურმა ბრუნვამ 380 მილიონი ლარი შეადგინა, 2016 წელს კი 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
"ციფრები აჩვენებს, რომ ვითარება საგანგაშოა და სახელმწიფო არაფერს აკეთებს. პირიქით, აზარტული თამაშების განვითარებისთვის სასათბურე პირობებს ქმნის. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან აღნიშნული სექტორის ბრუნვა აკლდება რეალური სექტორების განვითარებას. შეზღუდვები რომ დაწესდეს, ავტომატურად ეს თანხები გადაინაცვლებს ეროვნულ დანაზოგებში, რაც უკვე შემდგომ საბანკო სექტორის გავლით, კონვერტირდება ინვესტიციებად და რეალური ეკონომიკის დაკრედიტებას მოხმარდება", - აცხადებს გვიდიანი.
მისივე თქმით, როგორც დასაქმების, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით, რეალური დოვლათი აღნიშნული მიმართულებით რეგულაციების ამოქმედების შემდეგ შეიქმნება.
"საუბარი არ მაქვს აზარტული თამაშების საერთოდ აკრძალვაზე, მაგრამ მკაცრი კონტროლი აუცილებელია. მაგალითად, ასაკობრივი ცენზის გაზრდა, რეგისტრაციის გამკაცრება, და ა. შ. ცნობილია, რომ დიდი საფრთხეა საზღვარგარეთიდან არალეგალური ფულის შემოდინებასთან დაკავშირებით, რაც პრაქტიკულად უკონტროლოა და ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან საყურადღებო საკითხია. ამაზე გაეროს კვლევებშიც არის ნათქვამი", - განმარტავს გვიდიანი.
ის, რომ დღეს ადგილობრივ ბაზარზე აზარტული თამაშების ბიზნესი ერთ-ერთი მომგებიანია, ამას სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც ეთანხმება. მისი თქმით, ეკონომიკა იმდენად სუსტადაა განვითარებული, რომ რეალური სექტორი არ არის წარმატებული.
"არსებულ ვითარებას იწვევს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები. პირველ შემთხვევაში, მოსახლეობის საკრედიტო დამოკიდებულების მაჩვენებელი კატასტროფულად მზარდია, რადგან ადამიანები ბანკში იღებენ სესხს და მერე მიდიან სათამაშოდ. ხშირად, ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად ბინას დებენ ბანკში ან აგირავებენ მას და ა. შ. რაც შეეხება გარე ფაქტორს, მეზობელი ქვეყნებიდან ინტენსიურად ჩამოდიან მოთამაშეები (აზერბაიჯანში, თურქეთში აზარტული თამაშები აკრძალულია) და ფულს აქ ხარჯავენ. ცნობილია ისიც, რომ მსგავსი კომპანიები ფულის გათეთრებისთვისაც გამოიყენება ხოლმე, ამიტომ რეგულაციები ცალსახად აუცილებელია და თანაც რაც შეიძლება მალე", - აღნიშნავს არჩვაძე.
მისივე თქმით, 2005 წლის შემდე, შედარებისთვის, შინამეურნეობათა შემოსავლების ზრდა არის 3-ჯერ გაზრდილი, ხოლო საკრედიტო დამოკიდებულება 19-ჯერ. 23-ჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის ხარჯების მოცულობა სათამაშო ბიზნესში.
"ზოგადად, მსოფლიო სტატისტიკა ადასტურებს, რომ მოგების თანხა დახარჯულ თანხასთან შედარებით 6%-ს შეადგენს, ყველა დანარჩენი კი თამაშიდან წაგებული რჩება. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს", - აცხადებს სოსო არჩვაძე.
ელენე ციგრიაშვილი
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"