შეყვარებულთა დღეს - 14 თებერვალს, ამერიკელი მომხმარებლები დანახარჯებს გაზრდიან.
წმინდა ვალენტინის დღესასწაულზე, როგორც ანალიტიკური კომპანია IBISWorld წერს, საჩუქრებზე დანახარჯები რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს და მათი საერთო მოცულობა გასულ წელთან შედარებით 1,7%-ით 20,1 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. როგორც მოსალოდნელია ამ დღეს, ამერიკის მოქალაქე საშუალოდ 151,98 დოლარს დახარჯავს.
ზრდის მაჩვენებელი განპირობებულია ამერიკელების შემოსავლის ზრდით, შესაბამისად, ისინი წელს უფრო მეტს დახარჯავენ - აღნიშნავს IBISWorld. მათივე ინფორმაციით, 54,7%-მდეა გაზრდილი მათი რაოდენობაც, ვინც ვალენტინობას აღნიშნავს.
რაც შეეხება დანახარჯებს კონკრეტული მიმართულებით, ორგანიზაციის ინფორმაციით ზრდა შეეხება საიუველირო და ტკბილეულზე დანახარჯებს. როგორც ორგანიზაცია საკუთარ კვლევაში წერს, მისი გამოკითხული რესპოდენტების 55% სწორედ შოკოლადებისა და კანფეტების ყიდვას გეგმავს საჩუქრად. გარდა ამისა, მოთხოვნადია ასევე რომანტიკული მოგზაურობებიც, ბილეთები კულტურულ ღონისძიბებზე, კოსმეტიკური სალონების მონახულება და ასე შემდეგ. ამ ტიპის საჩუქარს გამოკითხულთა 42,3% ისურვებდა. თუმცა მსგავსი საჩუქრის გაკეთებას მხოლოდ 23,7% აპირებს.
რაც შეეხება კლებას, ის დაფიქსირდა მისალოცი ბარათების მიმართულებით, ის წელს 710,2 მილიონ დოლარამდე შემცირდება. მიუხედავად ამისა, ვალენტინობა არის დღესასწაული, რომელზეც ტრადიციულად ყველაზე მეტი მისალოცი ბარათი იყიდება წლის განმავლობაში. (გასულ წელს 144 მილიონი გაიყიდა.)
კოკა კვირკველია