"თბილისის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ქაოტური მშენებლობებია და ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს "

თბილისის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ქაოტური მშენებლობებია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა უკვე დაწყებულია.

"დღეს გვქონდა შეხვედრა ექსპერტებთან და მეცნიერებთან. დავუდასტურეთ მზაობა რომ ვითანამშრომლოთ, რადგან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განსახორციელებელი მომდევნო წლების განმავლობაში და ფართო ჩართულობა არასამთავრობოების, მეცნიერების და ექსპერტების არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ქალაქის განვითარებაში და აღმშენებლობაში. საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს და მჯერა, რომ ბევრი ადამიანი ჩაერთვება ქალაქის განვითარების პროცესში.

რაც შეეხება მშენებლობებს, ეს არის სერიოზული პრობლემა. ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა არის ქაოტური განაშენიანება. ჩვენ ამაზე დაწყებული გვაქვს მუშაობა. ასევე დაწყებულია მუშაობა გენერალურ გეგმაზე 2 წელზე მეტია. ერთი რამის მჯერა, რომ ძალიან ბევრი ექსპერტია ჩართული გენერალური გეგმის შემუშავებაში, მიღებაში, შეფასებაში და უახლოეს მომავალში საუკეთესო დოკუმენტს მივიღებთ", - განაცხადა კალაძემ.