კურორტ ლიბანში ყოფილი სანატორიუმი იყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს– სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში აუქციონზე კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლიბანში მდებარე ყოფილი „სანატორიუმი ლიბანი“ გასაყიდად გამოიტანა.

სანატორიუმი მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში –  ამპირის სტილშია აშენებული.  შენობის მთავარი კორპუსი სიგრძეში 153 მეტრია და სამი სართულისაგან შედგება, აღნიშნული ქონების საერთო ფართი 52 040 კვ. მ–ია.

უძრავი ქონების საწყისი გასაყიდი ფასი – 937 000 ლარია.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/497850

აუქციონის პირობის მიხედვით მყიდველმა უნდა უზრუნველყოს 8 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება და სულ მცირე 70 ნომრის მქონე  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  სასტუმროს  მოწყობა, სადაც განთავსებული იქნება რესტორანი, ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზი და 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. ამასთან, აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, შესაბამისად მყიდველი ვალდებული იქნება უზრუნველყოს მისი მოვლა–პატრონობა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 44 906 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 69 200 000 ლარს შეადგენს.