ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) და მისმა არაწევრმა ქვეყნებმა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების შეზღუდვით, ბაზარზე ბალანსის აღდგენას მიაღწიეს.
მაგრამ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) ვარაუდობს, რომ შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ნავთობის მოპოვების განუხრელ ზრდას, ბალანსის კვლავ დარღვევა შეუძლია.
OPEC-ის არაწევრ ქვეყნებში, იანვარში ნავთობის დღიური მოპოვება 175 ათასი ბარელით, 58.6 მილიონ ბარელამდე შემცირდა. თუმცა ესეც დაახლოებით 1.3 მილიონით მეტია შარშანდელი იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის მთავარი მიზეზი, აშშ-ში მოპოვების ზრდაა, რამაც წლის საშუალო მონაცემებით, დღეში 1.3 მილიონ ბარელს მიაღწია.
IEA-ს პროგნოზით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე დღიური მოთხოვნა 100 ათასი ბარელით 1.4 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. ამას მსოფლიო ეკონომიკის ზრდა განაპირობებს. საერთო ჯამში, მსოფლიოს დღიური მოხმარება 99.2 მილიონ ბარელს მიაღწევვს. მაგრამ ამის პარალელურად, OPEC-ის არაწევრ ქვეყნებში, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც, მოპოვების ზრდას უფრო მაღალი ტემპი ექნება. კერძოდ, ამ ქვეყნებში დღიური მოპოვება 1.8 მილიონი ბარელით გაიზრდება და 59.9 მილიონ ბარელს მიაღწევს.
იმავე სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიო მარაგების შემცირების პროცესი, წლის პირველ ნახევარში გაჩერდება, რასაც ისევ და ისევ, შეერთებული შტატებიდან ექსპორტის ზრდა განაპირობებს. IEA ასევე ვარაუდობს, რომ აშშ 2019 წელს ნავთობის მოპოვების მხრივ, მსოფლიო ლიდერი გახდება.