ქვეყანაში არსებული 2, 082 საჯარო სკოლიდან სათანადოდ ადაპტირებულია 17 საჯარო სკოლა, რომელთაც გააჩნიათ ლიფტი, პანდუსი, მორგებული სანიტარული კვანძი და რესურს ოთახი, - ამის შესახებ ნათქვამია ინკლუზიურ სწავლებასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, მოცემული 17 სკოლიდან ეტლით მოსარგებლე მოსწავლე ირიცხება მხოლოდ 7 სკოლაში. ქვეყნის მასშტაბით, ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები ირიცხებიან 233 საჯარო სკოლაში. მოცემული 233 სკოლიდან, 101 სკოლას არ გააჩნია პანდუსი, თუმცა 101 სკოლიდან, რომელსც არ აქვს პანდუსი, 12 სკოლას აქვს მარტივი ადაპტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ პანდუსის გარეშეც შესაძლებელია ეტლით მოსარგებლისათვის შენობაში შესვლა. ასევე, 143 სკოლას არ გააჩნია ადაპტირებული სანიტარული კვანძი, 75 სკოლას კი - არც პანდუსი და არც სანიტარული კვანძი, რაც შეუძლებელს ხდის დამოუკიდებლად გადაადგილებას ეტლით მოსარგებლე მოსწავლისათვის.
„არსებული გარემოება ქმნის რისკს, რომ ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები ვერ შეძლებენ მიიღონ სასკოლო განათლება სათანადოდ, იმის მიუხედავად, რომ ამ პირობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მხრიდან გახარჯულია სახსრები. თუ მოსწავლეს არ აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების პრობლემა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება გამოვლენილია სხვა ფორმით, ამ შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი მდგომარეობის საპასუხოდ გარემოს მორგება და სკოლაში რესურსოთახის მოწყობა, რომელიც საჭიროებიდან გამომდინარე უნდა აღიჭურვოს სხვადასხვა საშუალებით, რაც მოსწავლეს დაეხმარება დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ინტეგრირდეს სკოლის გარემოში“, - ნათქვამია ეფექტიანობის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 1,235 საჯარო სკოლაში ჩარიცხულია 6,254 სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეები) მოსწავლე, საიდანაც 312 სკოლას - 25%-ს, რომელშიც ირიცხება 883 მოსწავლე, არ აქვს რესურს ოთახი.
ანგარიშის თანახმად, ფიქსირდება საპირისპირო შემთხვევებიც, როცა მოცემული მომენტისთვის სკოლაში არ ირიცხება სსსმ მოსწავლე და მოწყობილია რესურს ოთახი. ასევე, 183 სკოლას მოწყობილი აქვს პანდუსი და სანიტარული კვანძი, მაგრამ არ ჰყავს არც ერთი ეტლით მოსარგებლე მოსწავლე.
„სკოლაში მოსწავლის არარსებობის ერთ-ერთ მიზეზს ისიც წარმოადგენს, რომ რიგ სკოლებში საკლასო ოთახები იმგვარადაა განლაგებული, რომ ლიფტის გარეშე შეუძლებელია გადაადგილება, შესაბამისად მხოლოდ პანდუსის და სანიტარული კვანძების ადაპტირება არ არის საკმარისი პირობა“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
ინკლუზიურ სწავლებასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ანგარიში დღეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს.