საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტო ფუძნდება

საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და ხელშეწყობის და განვითარების საზოგადოების დაფუძნების და საქმიანობის შესახებ შეთანხმებას, ხელი გუშინ საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე მოეწერა.

შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის ხელშეწყობისა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, ფლორ პელერენმა მოაწერეს.

აღნიშნული შეთახმების ხელმოწერის შემდეგ იგეგმება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის მიერ თბილისში წარმომადგენლობითი ოფისის დაარსება, რომელიც საქართველოს გარდა, რეგიონის სხვა ქვეყნებსაც მოემსახურება.

გარდა ამისა, საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა ფინანსურ პროტოკოლს, რომელიც ქალაქ ჭიათურაში საბაგიროების განახლებას ეხება. პროექტის განხორციელების მიზნით, საფრანგეთი შეღავათიანი სესხის სახით 13 200 000 ევროს გამოყოფს.