საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა. შესაბამისი ინფორმაცია სააგენტოდან ”ინტერპრესნიუსმა” გამოითხოვა. ინფორმაციის თანახმად, 207 ექიმს მიეცა ”წერილობითი გაფრთხილება”, სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით კი 93 ექიმს შეუჩერდა.
”სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა დაწყებულია 170 შემთხვევაში. პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა 305 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა: 2 ექიმს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა; 3 ექიმის საკითხის განხილვა გადაიდო სამართალდამცავი ორგანოებიდან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ. 300 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 207 ექიმს მიეცა ”წერილობითი გაფრთხილება”; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, შეუჩერდა 93 ექიმს”, - ნათქვამია სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციაში.