ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას მოქალაქისთვის 5 640 ევროს გადახდა დაეკისრა.
საქმის წარმოება დაიწყო საქართველოს მოქალაქის, ხულოს რაიონულ სასამართლოს მოსამართლის ზურაბ გაბაიძის სარჩელის საფუძველზე. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2004 წლის 12 ნოემბერს, გაბაიძის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. მომჩივანს ბრალად დაედო 2004 წლის სექტემბერში, თავის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეში მსჯავრდებულის უკანონო პატიმრობაში დატოვება თოთხმეტი დღის განმავლობაში, რაც დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის შესაბამისად „კანონის უხეშ დარღვევად“ დაკვალიფიცირდა.
თუმცა, თავად მომჩივანი გაბაიძე აცხადებდა, რომ მის მიმართ მიმდინარე დისციპლინური სამართალწარმოება უსამართლო იყო, რადგან მისი საჩივრის განხილვა განხორციელდა 2005 წლის 4 აგვისტოს სასამართლო ორგანოს მიერ, რომელიც არ იყო მიუკერძოებელი და კანონის შესაბამისად შექმნილი.
საქმის განხილვის შედეგად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის პრეტენზიები სადისციპლინო საბჭოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, არც აშკარად უსაფუძვლოა და არც მიუღებელი, ნებისმიერი სხვა საფუძვლით. შესაბამისად, საჩივარი მისაღებად უნდა გამოცხადდეს.
„მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სამი თვის ვადაში გადაუხადოს მომჩივანს შემდეგი თანხები, მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსის გათვალისწინებით: 3 500 ევრო მორალური ზიანისთვის. აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა, დაეკისროს მომჩივანს; 2 140 ევრო ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების სახით. აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს; ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან გადახდის განხორციელებამდე, გადასახდელ თანხას დაერიცხოს გადაუხდელობის პერიოდში არსებული ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი საპროცენტო განაკვეთი, რასაც დაემატება სამი პროცენტი,“- ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.