იმპორტირებულ პროდუქტში პათოგენური მიკროორგანიზმის ორჯერ აღმოჩენის შემთხვევაში, საწარმოდან იმპორტი ერთი წლით შეჩერდება

სურსათის ეროვნულ სააგენტოში იმპორტიორებს ის რეგულაციები გააცნეს, რომლებიც 2018 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს.

როგორც „ბიზნესპრენიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ცვლილებების თანახმად, 2018 წლის 1-ელი მარტიდან, თუ იმპორტირებულ პროდუქტში, ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ აღმოჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმი (სალმონელა, ლისტერია მონოციტოგენეზი), სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან იმპორტი ერთი წლის ვადით შეჩერდება.

აგრეთვე, საქონლის მფლობელს ეკისრება ვალდებულება, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე საქონელი განათავსოს საბაჟო საწყობში, სხვა საქონლისგან განცალკევებით, რაც გამორიცხავს საეჭვო სურსათის ბაზარზე მოხვედრის რისკს.

იმპორტიორებთან შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი კობეშავიძე ესწრებოდნენ. უწყებების წარმომადგენლებმა იმპორტიორებს დეტალურად განუმარტეს პროცედურები, რომელსაც გაივლის მათ მიერ შემოტანილი პროდუქცია სამომხმარებლო ბაზარზე მოხვედრამდე.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა №429 („ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“) და N426 (ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“) დადგენილებებში.