თბილისის მერია მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის გამო სამსახურიდან ჯამში 5-6 პირის გათავისუფლებას გეგმავს

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის გამო, თბილისის მერია ჯამში სამსახურიდან 5-6 პირს გაათავისუფლებს. ამის შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს, თუმცა კონკრეტული თანამდებობის პირების ვინაობას ამ ეტაპზე არ ასახელებენ.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება გრძელდება და თუკი სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, მათ მიმართაც კანონით გათვალისწინებული ნორმები ამოქმედდება.

იმ პირების თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, რომლებიც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული რეაბილიტაციის პროცესში ჩართულები იყვნენ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიიღო. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი, რომელიც ვარკეთილის მეტროში მომხდარი შემთხვევის გამო თანამდებობას დატოვებს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე ნუგზარ ჭეიშვილი იქნება. სწორედ ჭეიშვილი იყო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი იმ პერიოდში, როცა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია განხორციელდა.

როგორც ცნობილია, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.