„ევროპული შეკავების ინიციატივის“ დასაფინანსებლად ამერიკის სამხედრო ბიუჯეტიდან დაფინანსება 1,7 მილიარდი დოლარით იზრდება.
Defense News-ის ინფორმაციით, 2019 წელს მთლიანად სამხედრო საჭიროებებისთვის 716 მილიარდი დოლარია გამოყოფილი, აქედან „ევროპული შეკავების ინიციატივისთვის“ დაფინანსება შეადგენს 6,5 მილიარდ დოლარს, რაც 1,7 მილიარდით მეტია 2018 წელს გამოყოფილ თანხაზე. 2017 წელს კი იგივე პროექტზე ამერიკამ 3,4 მილიარდი დახარჯა.
ამავდროულად ამერიკის თავდაცვის მდივნის ჯეიმს მეტისის განცხადებით, პენტაგონი დიდი ალბათობით არ მოითხოვს ამ მიმართულებით ასიგნებების გაზრდას უკვე 2020 წლის ბიუჯეტში. კითხვაზე, არის თუ არა ეს დაფინანსების ზედა ზღვარი, მეტისმა უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია ევროპაში არსებულ სიტუაციაზე იმ კონკრეტულ მომენტში. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის აშშ-ს კარგი პოზიცია აქვს და ხედავს, რომ ევროპის ქვეყნებიც ცდილობენ საკუთარი ხარჯების გაზრდას ნატოში მათი ვალდებულებებიდან გამომდინარე.
ცოტა ხნით ადრე კი ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატოს წევრი 8 ქვეყანა მიმდინარე წელს გაზრდის დაფინანსებას საკუთარი ქვეყნის მშპ-ს 2%-ის ოდენობით, როგორც ამას ამერიკა ითხოვს, ხოლო 2024 წლისთვის ნატოს წევრი 29 ქვეყნიდან 15 მიუახლოვდება ამ ზღვარს.
კოკა კვირკველია