სესხები 99%-ად - „კომერციული ბანკები სწრაფი სესხის გამცემი ორგანიზაციები გახდნენ“

საკრედიტო პროდუქტს, რომელიც ქართულ საფინანსო ბაზარზე ონლაინ–სესხების გამცემმა კომპანიებმა შემოიტანეს და რომელიც წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებულადაც მუშაობდა, დღეს მომხმარებელს უკვე ქართული კომერციული ბანკებიც სთავაზობენ.

საუბარია სწრაფ, მაღალპროცენტიან ონლაინ სესხებზე. ხშირ შემთხვევაში სესხები წინასწარ არის დამტკიცებული, ყოველგვარი უზრუნველყოფის მოთხოვნის გარეშე, რაც მომხმარებლისთვის დიდი ცდუნებაა.

საინტერესოა ისიც, რომ სწრაფ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია და 80%-დან 99%-მდეც მერყეობს. ერთ-ერთ კომერციულ ბანკში, სასესხო შეთავაზებაზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 99,7%-ია.აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში იფარება მხოლოდ პროცენტი, ერთი წლის შემდეგ კი კლიენტს ძირი თანხის გადახდის ვალდებულება აქვს.

სწრაფი, მაღალპროცენტიანი სესხების გაცემის ფონზე ქვეყანაში ვადაგადაცილებული სესხების და შესაბამისად, გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობება იზრდება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობას ხშირ შემთხვევაში მაღალი პროცენტის გადახდის უნარი არ შესწევს.

როგორც არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბერძენაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, კომერციულმა ბანკებმა თავისი ფუნქცია დაკარგეს და სწრაფი სესხების გამცემი ორგანიზაციები გახდნენ.

„მომხმარებელთა ის ბაზა, რომელიც სწრაფი სესხისთვის ონლაინ კომპანიაში მიდიოდა, ახლა ბანკში მიდის. მითუმეტეს, თუ იმ ბანკში ხელფასი ერიცხება, მისთვის უფრო მოსახერხებელია სწრაფი სესხის აღება. რეალურად მოქალაქეები ბანკების ტყვეობაში არიან. ფულის შოვნის ერთადერთი საშუალება ბანკიდან სესხის, მათ შორის სწრაფის და მაღალპროცენტიანის აღებაა. ზოგადად მაღალპროცენტიან სესხს იღებს ის კატეგორია, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ პროცენტი გადაიხადოს“, - განმარტავს ბერძენაძე.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთისთვის დაწესებული ზღვარი 100%-ია. სხვადასხვა ბანკები 99%-შიც გასცემენ სესხს, თუმცა რეალურად ამას ემატება საკომისიოები და სხვა დამატებითი ხარჯები. საბოლოოდ კი, პროცენტის ოდენობა უფრო მეტი გამოდის.

მისივე თქმით, კომერციულ ბანკებს არასტაბილურობის შეგრძნება აქვთ და სწორედ ამიტომ გრძელვადიან დაკრედიტებაზე უარი თქვეს.

„ბანკებისთვის ე.წ. სამომხმარებლო სესხი, რომელიც გრძელვადიანია, არარენტაბელური გახდა. ბანკებს აქვთ არასტაბილურობის შეგრძნება. მოკლევადიან დაკრედიტებაზე ორიენტირებულები არიან. ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი, ის, რომ ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა იზრდება, მათთვის არასტაბილურ მდგომარეობას ქმნის. ამიტომაც მიდის რისკზე და გრძელვადიან დაკრედიტებაზე უარს ამბობს. ჩემი აზრით, ბანკების ეს საქციელი არის ძალიან განსხვავებული საბანკო სექტორისგან. მათ ყველა საბანკო ფუნქცია ჩამოიშორეს, რაც ჰქონდათ. როდესაც ბანკი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებს ეწევა საპროცენტო განაკვეთებით და უსწრებს კიდეც, ეს უკვე პრობლემაა“, - აღნიშნავს ბერძენაძე.

მისივე განმარტებით, კომერციულ ბანკს სრული უფლება აქვს, ჰქონდეს ისეთი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მას მოესურვება. თუმცა ეროვნულმა ბანკმა, რომელიც ბაზრის რეგულატორია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, ამ საკითხს უნდა გადახედოს.

„ბანკს საპროცენტო განაკვეთის დაწევას ვერ მოვთხოვთ. ის კერძო სუბიექტია, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული. მან დღეს რომ 200%-იანი საპროცენტო განაკვეთი დაადგინოს, ვერაფერს მოვთხოვთ, უფლება აქვს. აქ ყველაფერი ეროვნულმა ბანკმა უნდა დაარეგულიროს. სწორედ მან შექმნა ბაზარზე ისეთი სიტუაცია, რომ კომერციულმა ბანკმა სესხი 50-70 და უფრო მაღალ პროცენტში გასცეს. რეგულატორი მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე საუბრობს და უმჯობესი იქნება, რომ ეს ჯერ საპროცენტო განაკვეთების დაწევით დაიწყოს, რომელიც მომხმარებელს უფრო მეტად ვნებს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, ბანკებს რისკების კოეფიციენტი უნდა დაუდგინოს და ამ კუთხით გარკვეული რეგულაციები დაიწყოს. უნდა დაასაბუთოს, რომ კომერციული ბანკისთვის მსგავსი მაღალპროცენტიანი სესხი დიდ რისკს შეიცავს, რომ ამის გამო ქვეყანაში მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემა გვაქვს და ა.შ. თუმცა რეგულატორი ამას ვერ აკეთებს, რადგან ეს ერთგვარი წრეა. ქვეყანაში გვაქვს ე.წ. სასესხო პირამიდა და როგორც კი გაჩერდება, ამას უარყოფითი სოციალური ეფექტი ექნება. მასში აქამდე ჩართული იყვნენ არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტები, ონლაინსესხების კომპანიები. ახლა კომერციული ბანკებიც ჩაერთვნენ“, - აცხადებს ირაკლი ბერძენაძე.

თეონა კენჭიაშვილი