ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოავლინა, რომ სასამართლო სისტემის ფუნქციონირება, როდესაც კომერციულ საქმეებზეა საუბარი, შეიცავს რიგ სფეროებს, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ , - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ განაცხადა.
„იუსტიციის სამინისტროს თხოვნით ჩვენ ჩართულნი ვიყავით ამ პროცესში, რათა დახმარება გაგვეწია გადაწყვეტილების გამოძებნაში. ერთ-ერთი გადაწყვეტილებაა კომერციული სასამართლოს შექმნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. კიდევ ერთი გადაწყვეტილება არბიტრაჟია. თავის მხრივ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიესალმება ყველა იმ ნაბიჯს, რაც გააუმჯობესებს მართლმსაჯულებას საქართველოში, განსაკუთრებით კომერციულ დავებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.
ბრუნო ბალვანერამ ასევე ისაუბრა უცხოელებისთვის მიწის გაყიდვის აკრძალვაზე.
„კანონი მიღებულია და ის აკრძალვას ითვალისწინებს. კანონი ასევე შეიცავს მუხლს, რომელიც გარკვეულ გამონაკლისს უშვებს. კონკრეტული სამუშაო ჯგუფები განიხილავდნენ კონკრეტულ წინადადებებს იმ წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრს გავუგზავნეთ”, - განაცხადა ბალვანერამ.