დღეს ციფრული ვალუტების ბაზარზე, ვალუტების უმეტესობაზე ფასების კლება დაფიქსირდა. როგორც ჩანს, ვაჭრობა კორექციულ ფაზაში გადავიდა, რა დროსაც ინვესტორები მოგებას აფიქსირებენ და ახალი პოზიციების გასახსნელად ხელსაყრელ მომენტს დაელოდებიან.
ამ ეტაპზე, ინვესტორების სიფრთხილეს ის გარემოება იწვევს, რომ ბაზრებს სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალვების და რეგულაციების ტალღამ გადაუარა. ახლახან ნიუ ჯერსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურმა, საინვესტიციო ბიტკოინ პლატფორმა „ბიტსტრეიდის“ მუშაობა აკრძალა. როგორც შტატის გენერალური პროკურორი ამბობს, მას არ სურს, რომ ინვესტორებმა საკუთარი სახსრები ანონიმურ ინტერნეტ კომპანიის საქმიანობაში ისე დააბანდონ, რომ წარმოდგენა არ ჰქონდეთ, თუ სად წავა მათი ფული და როგორ გამოიყენებენ მას. აკრძალვის რეალური საფუძველი კი ის გარემოება გახდა, რომ „ბიტსტრეიდს“ შტატ ნიუ ჯერსის ხელისუფლებისგან შესაბამისი უფლება არ ჰქონდა მიღებული.
პარალელურად, ტოკიოში ბაზირებულ პლატფორმა „კოინჩეკსაც“ სადაოდ აქვს საქმე. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ძარცვას, რომელიც ჰაკერებმა ამ პლატფორმაზე განახორციელეს. მათ ტრეიდერთა კუთვნილი 530 მილიონი დოლარის ციფრული ვალუტები მოიპარეს და ახლა ეს ტრეიდერები პლატფორმისგან დანაკარგის ანაზღაურებას მოითხოვენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ტრეიდერებმა სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს.
„კოინჩეკს“ კარგა ხანს საქმიანობა გაჩერებული ჰქონდა და ხელისუფლებას ძარცვის შესახებ დეტალური ანგარიში წარუდგინა. ორშაბათს პლატფორმამ მუშაობა განაახლა და კლიენტების ანგარიშებსაც ბლოკი მოხსნა, რის შემდეგაც მათ დაახლოებით 40 მილიარდი იენის (დაახლოებით 373 მილიონი დოლარის) აქტივები გაიტანეს.
ციფრული ვალუტების სამყაროში ოპტიმისტური ინფორმაციებიც გავრცელდა. კერძოდ, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ბანკი არ აპირებს ციფრული ვალუტების რეგულირებას, რადგან ეს მას არ ეხება.
უფრო მნიშვნელოვანი ცნობა კი სამხრეთ კორეიდან მოვიდა, რომლის ხელისუფლებამაც თავი შეიკავა ციფრული ვალუტებით ვაჭრობის აკრძალვისგან. ოღონდ, ახალ რეგულაციებს დააწესებს, რომლებიც ციფრული ვალუტებით შესრულებულ ოპერაციებს, მარეგულირებლებისთვის გამჭვირვალეს გახდის.
სავაჭრო პლატფორმა „ბიტფაინექსზე“ ბიტკოინის ფასი დღეს დაახლოებით 2 პროცენტით შემცირდა და 8528.0 დოლარი გახდა. ამას წინ უძღოდა შვიდდღიანი მონკვეთი, როცა ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი თითქმის 29 პროცენტით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს ბიტკოინის ფასმა 20 ათასს მიაღწია, რის შემდეგაც 6 000 დოლარამდე შემცირდა.
ამჟამად ციფრული ვალუტების ბაზრის სრული კაპიტალზაცია 400 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტია. შედარებისთვის, წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტი იყო.
რაც შეეხება სხვა ვალუტებს: ეთერიუმის ფასს 3.5 პროცენტი დააკლდა და 829.96 დოლარამდე შემცირდა, სულ კი ის წლის დასაწყისიდან 30 პროცენტით არის გაზრდილი. რიპლის ფასი 8.2 პროცენტით შემცირდა და 0.98 დოლარი გახდა, ბიტკოინ ქეში კი 5.2 პროცენტით, 1210.10 დოლარამდე გაიაფდა.