აფბა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუწოდებს, მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული ტენდერების ჩატარების წესები შეცვალოს

”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ მოუწოდებს საქართველოს ინფრასტრუქტურისა დარეგიონალური განვითარების მინისტრ ზურაბ ალავიძეს, რომ დაუყონებლივ შეცვალოს მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული ტენდერების ჩატარების წესები. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ავრცელებს.

როგორც არასამთავრობი ინფორმაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს დაფიქსირებული პრობლემები დროულ აღმოფხვრას საჭიროებს.

„აფბას კვლევის პირველივე ეტაპზე კარგად ჩანს სერიოზული დარღვევები და ხარვეზები, რომელთა სრულად შესასწავლად სამართალდამცავი ორგანოების ჩართვაც კი შეიძლება გახდეს საჭირო. შესაბამისად, სამინისტროს და მთლიანად ხელისუფლების მხრიდან სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ თაღლითური სქემები, რომელიც გამოყენებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოიფხვრას.

უმნიშვნელოვანესია, რომ ტენდერების ჩატარების არსებული მახინჯი პრაქტიკა სასწრაფოდ შეიცვალოს. უნდა გაკონტროლდეს ტენდერის პირობებისა და შემდგომ გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულებების თანადობა. ხშირ შემთხვევაში, ტენდერის პირობების ძირითადი შემადგენელი ნაწილები არ ხვდება ხელშეკრულებაში, რაც სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით წარმოქმნის პრობლემებს და კორუფციული გარიგებების სათავეა.

ყველა ცვლილება ტენდერის პირობებიდან, იქნება ეს პროექტის სრული თუ ნაწილობრივი ცვლილება თუ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშიდან გადახრა, უნდა გახდეს საჯარო. სახელმწიფოდან უფლებამოსილი სუბიექტის მხრიდან აუცილებლად უნდა მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობისა და მშენებლობის სააგენტოდან სამშენებლო ნებართვის ხელახალი გაცემა.

აფბა მოუწოდებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაამკაცროს ზედამხედველ კომპანიებთან ურთიერთობის კონტრაქტები და გაზარდოს მათი პასუხისმგებლობის არეალი და მოთხოვნები, ვინაიდან, საქართველოს მოსახლეობა მილიონობით ლარს იხდის მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში, მაგრამ იღებს უხარისხო ინფრასტრუქტურას და გზებს.

ზედამხედველი ორგანიზაციების ყოველთვიური ანგარიშები უნდა გამოქვეყნდეს მედიაში, რათა საზოგადოებას ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია ქონდეს პროექტების მიმდინარეობის თაობაზე.

მსხვილი საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტების ცვლილება უნდა დამტკიცდეს მთავრობის მიერ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური სამინისტროს წარდგინებით შესაბამისი ექსპერტული დასკვნების საფუძველზე. პროექტების მიმდინარეობა უნდა გახდეს გამჭვირვალე ფინანსური ტრანზაქციების კუთხითაც და ნებისმიერი ახალი ტრანზაქცია უნდა იყოს დადასტურებული წინა ფინანსური ოპერაციების თანმდევი სამუშაოების მიღება-ჩაბარებების აქტების მედიაში გამოქვეყნებით.

ახალგაზრდა ფინანსისტები მიმართავენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გააძლიეროს გზებისა და ინფრასტრუქტურის მშენებელ და ზედამხედველ კომპანიებზე კონტროლი ხარისხის, ვადებისა და ტექნოლოგიების დაცვის კუთხით. სამინისტრომ დროულად უნდა გამოიყენოს კანონმდებლობით დაშვებული უფლებამოსილებები და მოახდინოს დაუყონებლივი რეაგირება ზედამხედველი კომპანიების მოწოდებულ ინფორმაციაზე და აღმოფხვრას ყველა დარღვევა.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ სასწრაფოდ მოამზადოს კანონპროექტი და არსებულ კანონებში ცვლილებები ტენდერების ჩატარების წესებისა და კონტრაჰენტებთან პროექტის დასაწყისიდან, პროექტის ჩაბარების ჩათვლით საჯაროობის, გამჭვირვალობისა და საუკეთესო მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე.

ბოლოს, ახალგაზრდა ფინანსისტები მივმართავთ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს - ბატონო მინისტრო, უბრალოდ მიბაძეთ კალაძეს, რომლის გადაწყვეტილებითაც მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებები შედის და ხარისხის კონტროლი სავალდებულო იქნება არა მხოლოდ განხორციელების, არამედ დაპროექტების და სამუშაოების ჩაბარების ეტაპზეც”, - ნათქვამია ინფორმაციაში.