1-ლი მარტიდან დედაქალაქის 14 ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან.
აღსანიშნავია, რომ ქუჩების ჩამონათვალში კახეთის გზატკეცილი და დავით აღმაშენებლის ხეივანიც მოხვდა, სადაც არაერთი საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მოძრაობს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, მათაც შეეხება თუ არა აღნიშნული რეგულაცია. თუმცა, როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე მოსაცდელებზე გაჩერების ვალდებულება მხოლოდ ყვითელ „მარშუტკებსა“ და რუსთავიდან შემოსულ მიკროავტობუსებს ექნება.
ამასთან, მერიაში საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების შესაძლო რეგულირებაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამომავლოდ მათთვის კონკრეტული მარშრუტების დადგენა მოხდება.
შეგახსენებთ, რომ სამარშრუტო ტაქსების მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერების საკითხი გასული წლის დეკემბრის ბოლოს დედაქალაქის მერის კახა კალაძისა და შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ დაანონსდა. აღნიშნული პროექტი პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისის 14 ქუჩაზე დაიწყება, მთელი ქალაქის მასშტაბით კი ეტაპობრივად განხორციელდება.
რაც შეეხება ქუჩათა ჩამონათვალს, თავდაპირველად საპილოტე პროექტი თბილისის შემდეგ 14 ქუჩაზე ამოქმედდება: მერაბ კოსტავას ქუჩა; ვაჟა-ფშაველას გამზირი; შოთა რუსთაველის გამზირი; პეტრე მელიქიშვილის ქუჩა; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; ვახტანგ გორგასალის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ხეივანი; დავით აღმაშენებლის გამზირი; ილია ჭავჭავაძის გამზირი; ჟიული შარტავას ქუჩა; პეკინის ქუჩა; მარშალ გელოვანის გამზირი; ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.