„საგანგაშოა, რომ მოვალეთა რეესტრში 238 563 მოქალაქე ფიქსირდება“

აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრის ვებ-გვერდზე საქართველოს 238 563 მოქალაქე ფიქსირდება.

მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უძრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება, სადაც პირი აღებული ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხვდება. ისინი „გადახდისუუნარო“ პირებად მიიჩნევიან და მათ სახელზე რეგისტრირებული ანგარიშები და ქონება დაყადაღებას ექვემდებარება.

აღნიშნულ საკითხს საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი, ოთარ კაჭკაჭაშვილი გამოეხმაურა. იურისტს მიაჩნია, რომ ციფრი, რომელიც მოვალეთა რეესტრში ფიქსირდება, საგანგაშოდ მაღალია და მის შესამცირებლად, სახელმწიფომ რიგი ღონისძიებები უნდა გაატაროს.

„238 563 „გადახდისუუნარო“ ადამიანი საქართველოსნაირი ქვეყნისთვის არის ძალიან საგანგაშო; საქმე ის არის, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3.7 მლნ-ს შეადგენს. ანუ, მთლიანი მოსახლეობის თითქმის 6% მოვალეთა რეესტრშია დაფიქსირებული. უფრო უხეშად რომ ვთქვათ, გამოდის, რომ ყოველ მეორე ოჯახში არის „გადახდისუუნარო“ ადამიანი“- ამბობს ოთარ კაჭკაჭაშვილი.

რაზე მეტყველებს ეს რიცხვი? თქვენი აზრით, რა ფაქტორებით არის გამოწვეული ასეთი მაჩვენებელი?

როდესაც მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა მატულობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და გადახდისუუნარო ადამიანების რაოდენობაც იზრდება. ეს რიცხვი, პირველყოვლისა, სახელმწიფოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს - ანუ, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და შესაბამისად, მოქალაქეებს ვალის გადახდა უჭირთ.

მეორე საკითხია ის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც სესხის გამცემი ორგანიზაციები უწესებენ მოქალაქეებს. სამწუხაროდ, პროცენტი არის გაუგონრად მაღალი, განსაკუთრებით ონლაინ და კერძო გამსესხებლების შემთხვევაში. ის პირობები, რასაც სესხის გამცემი ორგანიზაციები მოქალაქეებს უწესებენ, სასწრაფოდ შესაცვლელია და ამაზე ეროვნულმა ბანკმა უნდა იზრუნოს. მართალია, მოქალაქეები საკუთარი ნებით იღებენ ამ სესხს და სესხის პირობებსაც იცნობენ, მაშინ, როცა მოქალაქე უკიდურესად გაჭირვებულია და სესხი სასიცოცხლო პირობებისთვის სჭირდება, მზად არის, ამ ტიპის გარიგებებსაც მოაწეროს ხელი, რაც შემდგომში, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აყენებს მას.

გამოსავალი რა არის ?

გამოსავალი არის ის, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა გადახედოს სესხების საპროცენტო განაკვეთსა და დაწესებულ პირობებს. ეროვნულმა ბანკმა რეალური და ქმედითი ღონისძიებები უნდა გაატაროს, რითაც შემცირდება საპროცენტო განაკვეთი და დაწესდება შეღავათანი პირობები, რაც მსესხებელთა მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 15 ივლისს „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, აღსრულების ბიუროს ერთ-ერთ ფორმად დაემატა პირის რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში. მოვალეთა რეესტრი არის იმ მონაცემთა ერთობლიობა, სადაც რეგისტრირებულია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე ყველა სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი. გვერდზე მოქალაქის სახელის, გვარის ან პირადი ნომრის/ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის მითეთებით, შეგიძლიათ გაარკვიოთ, ფიქსირდება თუ არა ის „გადახდისუუნარო“ პირთა სიაში.

რეესტრში მოხვედრილი ადამიანის მიმართ იძულებითი აღსრულება 2010 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო. მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის შემდეგ, ამ პირს ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვა. კერძოდ, მოვალე პირი ვერ განკარგავს მის სახელზე დაქვემდებარებული ქონებას. 2017 წლის 20 ნოემბრისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში 230 223 ჩანაწერი იყო, ბოლო სამ თვეში კი, მათი რიცხვი 8 340 ადამიანით გაიზარდა.

წყარო: myadvokat.ge