ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სუნელების დამზადებისთვის ერთი მეწარმე პასუხისგებაში მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს.

როგორც საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები დანიშნულების აზო-საღებავს „სუდან 1“-ს, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.