"თურქეთი ერაყში ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უპროცენტო კრედიტს გამოყოფს"

თურქეთი ერაყში ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ხუთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უპროცენტო კრედიტს გამოყოფს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი განაგრძობს ერაყის მხარდაჭერას და ყველაფერს გააკეთებს, რათა ერაყი „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან გაათავისუფლოს.

„თურქეთმა 2004 წლიდან 500 მილიონი აშშ დოლარის დახმარება გაუწია ერაყს. ეს თანხები მიმართული იყო ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე და ერაყის განვითარებაზე. გარდა ამისა, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ერაყში რიგ პროექტებს ახორციელებს. თურქული კომპანიები ახორციელებდნენ და ახორციელებენ ერაყში პროექტებს, რომელთა საერთო ღირებულება 25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

გარდა ამისა, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თურქეთი ერაყს 50 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს შესაბამის პროექტებზე.