"ბაკურიანში სკიკროსის საერთაშორისო შეჯიბრის ჩატარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა"

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 16-17 თებერვალს ბაკურიანში დაგეგმილ "სკი კროსის" საერთაშორისო შეჯიბრს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შეჯიბრი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების კომპანიის და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება.

„ჩვენი 8 მოთხილამურე მონაწილეობს ამ შეჯიბრში, ჩამოსული არიან სპორტსმენები ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ავსტრალიიდან, ყაზახეთიდან და მათ ბაკურიანში მოპოვებული ქულები გამოადგებათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდველის სათხილამურო ტრასის შეჯიბრისთვის მოსამზადებლად ჩამოსული არიან სკიკროსის მსოფლიო კლასის ტრასის დიზაინერ-მშენებლები და მათ სპეციალურად მოაწყვეს ტრასა ამ შეჯიბრებისთვის. აღნიშნული შეჯიბრის ჩატარება არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოსთვის. მაგრამ ამ შეჯიბრს აქვს კიდევ ერთი დატვირთვა - "სკი კროსი" შევიდა ზამთრის სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, ამიტომ, ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელსაც გააჩნია ამბიცია, 2030 წელს საქართველოში ზამთრის 26-ე ოლიმპიადას უმასპინძლოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე ოლიმპიური ზამთრის სპორტის სახეობებს ვმასპინძლობთ საერთაშორისო მასშტაბით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზამთრის სპორტის განვითარების კონტექსტში პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა მოსახლეობის ჩართულობას მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ დანერგილი ინიციატივაში, რაც სოფლებში მინი საბაგიროების დამონტაჟებას ითვალისწინებს.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მთელი საქართველოს მასშტაბით და მინდა გითხრათ, ასეთ გამოხმაურებას უყურადღებოდ არ დავტოვებთ. მომავალ წელს უკვე ჯავახეთში, ხევსურეთსა და ბარისახოში დავამონტაჟებთ საბაგიროებს. საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში შეიძლება მინი საბაგიროს დამონტაჟება. ეს არ არის ისეთი ძვირი სიამოვნება, როგორც საერთაშორისო მთის კურორტებზე ჯდება რამდენიმე მილიონი ევრო. აქ საუბარია 20-25 ათასი ევროს ფარგლებში სოფელში სათხილამურო ტრასის მოწყობაზე, რაც არის მართლაც და დიდი რამ ჩვენი ბავშვებისთვის. ჩვენს ქვეყანაში, სადაც 70% არის მთა, ყველა ბავშვს, მიუხედავად მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისა, უნდა შეეძლოს ისარგებლოს იმ სიკეთით, რასაც მთა ჰქვია და ჩაერთონ ზამთრის სპორტის სახეობებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.