თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს.
მისი თქმით, მერიაში და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში შტატების რაოდენობა არათუ იზრდება, არამედ მცირდება. ასევე ირაკლი ზარქუას განმარტებით, არ იმატებს არც სახელფასო ფონდი, რომელიც ოთხმოცდაორი მილიონ ექვსასი ათასი ლარით არის განსაზღვრული.
დეპუტატის თქმით, მერიაში დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებებით, სამსახურების ოპტიმიზაცია განხორციელდა და „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“ მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან 158 შესაბამისი სპეციალისტი იქნება გადმოყვანილი. ზარქუას განმარტებით, რეალურად ახალი შტატების დამატება არ ხდება და ყველა ეს ადამიანი ერთი ქოლგის ქვეშ იმუშავებს იმისთვის, რომ თბილისელებს გაუმჯობესებული სერვისები მიაწოდონ.
ირაკლი ზარქუამ ასევე განმარტება გააკეთა „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოზეც“ და აღნიშნა, რომ ამ უწყებაშიც მერიის სხვადასხვა სამსახურებში საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით მომუშავე თანამშრომლების გაერთიანება მოხდება.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერს კახა კალაძეს მოუწოდებს, საკრებულოდან გაითხოვოს საბიუჯეტო ცვლილებები, რომელიც, მათი შეფასებით, არ ასახავს თბილისელების ინტერესებსა და საჭიროებებს. მათივე ინფორმაციით, მერიაში იქმნება ახალი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, იზრდება შტატები და სახელფასო ფონდი.