"მცირე მეწარმეებთან დაკავშირებულ უპრეცედენტო, მასშტაბურ პროექტს მოჰყვება უამრავი წელში გამართული მეწარმე და ახალი სამუშაო ადგილები"

პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის ინიციატივა მცირე მეწარმეებისათვის საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოციალური და ეკონომიკური უფლებების სტანდარტს ჩვენს საზოგადოებაში , - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ეს არის უპრეცედენტო, მასშტაბური პროექტი, რომელსაც მოჰყვება უამრავი წელში გამართული მეწარმე და ახალი სამეწარმეო ინიციატივები, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად, სოციალურად შეჭირვებულ, შრომისუნარიან ადამიანებს გაუჩნდებათ დასაქმების, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შანსი და შესაბამისად, შემოსავლის ახალი წყარო, რაც მათი და მათი ოჯახების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს. სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა მეტი რესურსი მიმართოს და უფრო მეტად იზრუნოს სწორედ იმ ადამიანებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა.

ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა იქნება დიდი ნაბიჯი, გადადგმული იმ მიზნის მიღწევისკენ, რომელიც დავისახეთ ჩვენ სოციალური სახელმწიფოს პრინციპის საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებისას“, - აცხადებს კილაძე.

როგორც ცნობილია, მთავრობის ინიციატივით, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება, ასევე მცირე მეწარმის კატეგორიაში მოხვდება 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო.