შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ახალი ვერსიით, დარღვევებზე სანქციები ორმაგდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილე ამ წუთებში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე შრომის უსაფრთხოების საკითხზე კანონპროექტს წარადგენს.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გასულ კვირას უწყებამ ერთი კვირა ითხოვა, რათა კანონპროექტი სრულყოფილი გამხდარიყო და კრიტიკა გაეთვალისწინებინა.
მისი თქმით, ამ კვირის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა და გათვალისწინებული იქნა ის შენიშვნები, რომელიც კანონპროექტზე გამოითქვა, მათ შორის სანქციების რაოდენობაზე, მისი აღსრულების მექანიზმზე და ა.შ.
"იყო კრიტიკა განმეორებით მონიტორინგთან დაკავშირებით, ასევე სანქციების რაოდენობაზე. მივიღეთ გადაწყვეტილება და სანქციების რაოდენობა განსხვავებულია. ისინი დაყოფილია დღგ-ს გადამხდელთა რაოდენობით. სანქცირების მექანიზმი მიბმული იქნება დღგ-ს რაოდენობაზე. კრიტიკა იყო ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები იყო დაბალი, შემიძლია გითხრათ, რომ წინა ვერსიასთან შედარებით ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება ინსპექტირებას სასამართლო ნებართვის გარეშე, როგორც თამილა ბარკალაია განმარტავს, გათვალისწინებულია ინსპექტირების განხორციელება სასამართლოს გარეშე.
"ეს არის გეგმური ინსპექტირების შემთხვევა, ასევე განმეორებითი მონიტორინგი და იქნება შემთხვევები, როცა შეტყობინება არის შემოსული გარკვეული ორგანიზაციიდან - ანუ ამ სამ შემთხვევაში მოხდება ორგანიზაციაში შესვლა ნებართვის გარეშე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ბიზნესს უჩნდება ვალდებულება, რომ გაწეროს შრომის უსაფრთხოება თავისი ორგანიზაციის ფარგლებში, დანიშნოს პასუხისმგებელი პირი, მენეჯერების სახით და უჩნდება ვალდებულება, რომ კანონმდებლობით შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიტერიუმები იქნას გათვალისწინებული.