მთავრობამ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.
როგორც 12 თებერვლის დადგენილებაშია აღნიშნული, პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ, რომლებიც საინფორმაციო სისტემაში − www.worknet.gov.ge-ზე სამუშაოს მაძიებლებად არიან რეგისტრირებულნი და თანახმა არიან, მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა ან/და სტაჟირება გაიარონ.
მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის დაფინანსების საშუალებას ვაუჩერი წარმოადგენს, რომელიც მომსახურების მიღების მიზნით მოსარგებლის მიერ წარედგინება მიმწოდებელს/მიმწოდებლებს. დადგენილების თანახმად, ერთი ვაუჩერის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება. სტაჟირების შემთხვევაში კი, სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია, ამასთან, სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ერთ მოსარგებლეზე თვეში 200 ლარით განისაზღვრება.
მთლიანობაში, პროგრამის ბიუჯეტი 2 090 000 ლარია.