იანვარში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 110 მლნ დოლარი შეადგინა

2018 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობა 31.1%-ით ანუ 26.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 110 მლნ აშშ დოლარი ანუ 280.3 მლნ ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.4 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 90.8 პროცენტი მოდიოდა.

გასულ თვეში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი - 30.9 მლნ დოლარის სახით რუსეთიდან შემოვიდა, მას მოსდევს იტალია, საიდანაც 13.7 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა; ხოლო მესამე ადგილზე საბერძნეთია, საიდანაც შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა იანვარში 12.4 მლნ დოლარი შეადგინა.

ამასთან, სებ-ის ცნობით, 2018 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15 მლნ აშშ დოლარი (38.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.3 მლნ აშშ დოლარისა (36.1 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.