საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
ცვლილებების თანახმად, სოციალური პენსიის პარალელურად იგეგმება დაგროვებითი საპენსიო სქემის დანერგვა. აღნიშნულის ფინანსური უზრუნველყოფა კი დასაქმებულთა, დამსაქმებელთა და სახელმწიფოს სავალდებულო საპენსიო შენატანებით განხორციელდება.
რამდენადაც, საპენსიო შენატანი წარმოადგენს სავალდებულო გადასახდელს, მისი ნაწილი მიემართება საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დასაფინანსებლად, ზრდის ხარჯებს, ამცირებს შემოსავალს, დამსაქმებელთა შემთხვევაში არ ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო დასაქმებულებთან მიმართებით დამოკიდებულია სააგენტოს გამართულ ფუნქციონირებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ის გაიგივებული უნდა იქნეს გადასახადისა და მოსაკრებლის სამართლებრივ ბუნებასთან და უნდა მოექცეს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის რეგულირების სფეროში.
შესაბამისად, რამდენადაც, სავალდებულო საპენსიო შენატანი ამ დრომდე არ ყოფილა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, გამოდის, რომ ხდება გადასახადის ახალი სახის შემოღება, რაც მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ დაკმაყოფილებული იქნეს საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალური კრიტერიუმები სავალდებულო საპენსიო შენატანების, შემოთავაზებული სახით მიღება, მხოლოდ რეფერენდუმის საფუძველზე - ხალხის მაქსიმალური ჩართულობის ფონზე უნდა განხორციელდეს.