„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა საერთაშორისო კონგრესზე „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“, სიტყვით გამოვიდა. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, საერთაშორისო კონგრესი, რომელიც თბილისში 14-15 თებერვალს გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ გახსნა.
კონგრესის „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ მთავარ მიზანს რეგიონში ჰესების მშენებლობის, მათი მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების ეფექტური რეალიზაციისთვის გადაწყვეტილებების ძიება და აგრეთვე, ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ძალისხმევის კონსოლიდირება წარმოადგენს.
საერთაშორისო კონგრესი, რომელიც თბილისში მეორედ ტარდება, შორეული და ახლო უცხოეთის ენერგეტიკის სფეროს ექსპერტებს, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს უწყებების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თურქული, აზერბაიჯანული, ყაზახური, ყირგიზული, რუსული, და ქართული, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ენერგეტიკული კომპანიები. კონგრესში მონაწილეობა მიიღეს ტაჯიკეთის ენერგეტიკის მინისტრმა და სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემაც.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ ღონისძიებაზე ფონდის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. მან საქართველოს ენერგეტიკის სფეროში კერძო სექტორის დაფინანსების მოზიდვის შესახებ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას „საპარტნიორო ფონდის“ მანდატი და პროექტებში ინვესტირების კრიტერიუმები გააცნო. ენერგეტიკის სფეროში ფონდის საინვესტიციო პორტფელის შესახებ საუბრისას, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ყურადღება გარდაბნის თბოელექტრუსადგურის, კასლეთისა და ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურების მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილა, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიარდ 145 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
კონგრესზე წარმოდგენილი იყო 40-მდე მოხსენება ჰიდრორესურსების რაციონალური მოხმარების, ჰესების მშენებლობის, რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.
კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ მაღალპროფესიული პლატფორმაა კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ დიალოგისთვის.
საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" პირველად თბილისში 2017 წლის 15-16 თებერვალს ჩატარდა. კონგრესზე თავი მოიყარა ენერგეტიკის სფეროს 100-ზე მეტმა ექსპერტმა, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და სახელმწიფო მოხელეებმა სხვადასხვა ქვეყნიდან.