ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასმა ფსიქოლოგიური ზღვარი, 10,000 დოლარი გადალახა.
გუშინ საღამოს მონაცემებით, კრიპტოვალუტის ფასმა CoinMarketCap-ზე 7,36%-ით მოიმატა და 10,013 დოლარი შეადგინა. Bitfinex-ზე 10,047 დოლარამდე გაძვირდა. ბოლოს ბიტკოინი 10,000 დოლარის ფარგლებში იანვრის ბოლოს ივაჭრებოდა.
როგორც Business Insider-ი წერს, ბიტკოინის დინამიკა თანხვედრაშია მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის დინამიკასთან, რომლებიც გასულ კვირას ვარდნაში იყვნენ და ამ კვირაში უკვე მათი პროექტირებული აღდგენა ხდება. თუმცა ამის მიუხედავად გამოცემა დასძენს, რომ ეს შესაძლოა, უბრალოდ დამთხვევა იყოს.
ცალკეული ანალიტიკოსების აზრით კი, ბიტკოინის ფასის ზრდა ასევე შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ჩინურ ახალ წელთან, რომელიც დღეიდან აღინიშნება. როგორც ცნობილია, ჩინეთი კრიპტოვალუტების ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია.
კოკა კვირკველია