პირები, რომლებიც დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტებზე რეაგირებას არ მოახდენენ, დაჯარიმდებიან

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში შესაძლოა, ცვლილება შევიდეს. აღნიშნულის შესახებ წინადადება პარლამენტშია წარდგენილი.

კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხში სახალხო დამცველის უფლებამოსილება იზრდება და დაწესებულებისა და ფიზიკური პირებისთვის მისი მიმართვის სავალდებულოობა განისაზღვრება.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დაწესებულებებისა თუ ფიზიკური პირებისთვის უმოქმედობის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგის დადგომა იქნება მოტივაცია, რომ საქმეები რაც შეიძლება ნაკლებ დროში მოაგვარონ მორიგებით.

ამასთან, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, პირები, რომლებიც სახალხო დამცველის მოთხოვნაზე პასუხს არ გასცემენ - არ მიაწვდიან საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საბუთს, ახსნა-განმარტებას თუ სხვა მასალას, 500 ლარით დაჯარიმდებიან. აღსანიშნავია, რომ ფულადი სანქცია შეეხება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.