ირანული გაზი ევროპაში საქართველოს გავლით უნდა ჩავიდეს

რთული რელიეფის გამო გაზსადენის ირანიდან პირდაპირ თურქეთში გაყვანა შეუძლებელია...

გაზეთი ”რეზონანსი” ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს ”ნაბუკოს” მარშრუტის ევროპისეულ რეანიმაციაზე ესაუბრა. თვალჭრელიძის განცხადებით, ირანი-სომხეთი-საქართველო-თურქეთი ეს მართლაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, ვინაიდან რთული რელიეფის გამო, გაზსადენის ირანიდან პირდაპირ თურქეთში გაყვანა შეუძლებელია. ”ჯერ ერთი, 12-ბალიანი მიწისძვრების ზოლია და 3500 მეტრის სიმაღლის მთები”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

ექსპერტი ფიქრობს, რომ ირანული აირი შაჰ-დენიზის გაზსადენში გაივლის. შაჰ-დენიზის სიმძლავრე წელიწადში 45 მილიარდი კბ/მეტრია, მისი გაზრდა შეიძლება 80 მილიარდამდე. ამ ეტაპზე აზერბაიჯანი მხოლოდ 16 მილიარდი კბ/მეტრის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

”ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტია, ირანული გაზსადენი შაჰ-დენიზს შეუერთდეს. ყველას სჯობს, ეს მოხდეს ახალციხის რაიონში. თურქეთიდან მხოლოდ 40 კილომეტრი იქნება გასაყვანი და გაზსადენი მიუერთდება მთლიან ევროპულ სისტემას. ეს ძალიან პატარა და ძალიან ადვილად გასაკეთებელი პროექტია. მარშრუტი, პრაქტიკულად, ”ნაბუკოს” პროექტის რეანიმაცია იქნება.

ამ ყველაფერს ”ნაბუკოს” პროექტიც ითვალისწინებდა, მხოლოდ საუბარი იყო თურქმენეთიდან გაზის ტრანსპორტირებაზე. ახლა გაცილებით ხარისხიანი და იაფი ბუნებრივი აირის ვარიანტი ჩნდება”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

რაც შეეხება თურქეთსა და სომხეთს შორის არსებულ რთულ პოლიტიკურ მდგომარეობას, ასევე რუსეთისა და სომხეთის მეგობრობას, სანდრო თვალჭრელიძის აზრით, არსებობს ბერკეტები, რომელიც სომხეთს აღნიშნულ მარშრუტზე დაიყოლიებს.

სხვათა შორის, ”ნაუბკოს” პროექტის დახურვამდე ირანში ხშირად კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს ქვეყანა მზად იყო, ამ გაზსადენისთვის დიდი რაოდენობით გაზი მიეწოდებინა. მაშინაც თავი იჩინა თურქეთ-სომხეთს შორის არსებული დაპირისპირების საკითხმა, თუმცა ანკარაში ეს ქვეყნები პროექტში ჩართვაზე მაინც შეთანხმდნენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროპაში ირანული გაზი რუსულ ”გაზპრომს” სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ ირანის გაზის მარაგის მოცულობა შეადგენს 33,6 ტრილიონ კბ/მ-ს და ამ მაჩვენებლით ისლამურმა რესპუბლიკამ მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა. ამავე შეფასებით, M 32,1 ტრილიონი კბ-მ-ით რუსეთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მანამდე რუსეთის გაზის მარაგები 44 ტრილიონ კბ/მ-ად ფასდებოდა. მესამე ადგილზე კვლავ თურქმენეთია 24 ტრილიონი კბ/მ-ით.

სანამ საქართველოს გავლით ევროპაში ირანული გაზის ტრანსპორტირების საკითხი გადაწყდება, მანამდე ”ტანაპის” (სამხრეთ კავკასიის გაზსადენის) მშენებლობა უნდა დაიწყოს. წინასამშენებლო სამუშაოები აზერბაიჯანში 2014 წლის ზაფხულიდან დაიწყება, ხოლო ძირითადი სამუშაოები 2015 წლის დასაწყისიდან განხორციელდება. მილსადენის დასრულება 2017 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი და მის გაშვებას ექსპლოატაციაში 2018 წლიდან ვარაუდობენ. ზუსტად ამ დროისთვის უნდა ამოქმედდეს შაჰ-დენიზის მეორე საბადოც.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო : გაზეთი ”რეზონანსი”