სახალხო დამცველი მთავრობას ხუდონჰესზე რეკომენდაციებით მიმართავს

უჩა ნანუაშვილმა პროექტის გარშემო გამოვლენილ დარღვევებზე დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ნანუაშვილის თქმით, დარღვეულია მთელი რიგი პროცედურები, გამოვლენილია დარღვევები იმ პერიოდში, როცა ინვესტორთან ხელშეკრულება გაფორმდა. სწორედ ამიტომ, უჩა ნანუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, პროცედურები და კანონის შესაბამისი მოთხოვნები დაცული იყოს ყველა ეტაპზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ხუდონჰესის ობიექტი უკანონო იქნება.

გარდა ამისა, როგორც ნანუაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ კომპანია "ტრანს ელექტრა ჯორჯიას" მხრიდან განხორციელებული ინვესტიციის მიმზიდველობის შეფასება და ეკონომიკური ანალიზი არ განხორციელებულა. ენერგეტიკის სამინისტროს წერილის თანახმად, პროექტი შესაძლებობას იძლევა დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. მსგავსი სახის ვალდებულება კი, ინვესტორს ხელშეკრულებით არ აქვს ნაკისრი. როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება მხოლოდ კომპანიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომელსაც შეუძლია დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა და შეუძლია - არ დაასაქმოს.

ნანუაშვილის განმარტებითვე, "ტრანს ელექტრა ჯორჯიამ" ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2013 წლის 29 ივლისს წარუდგინა. სამინისტრომ, თავის მხრივ, მოამზადა 111 შენიშვნა. შენიშვნები სახალხო დამცველის ინფორმაციით, დღემდე არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მისი თქმით, გაცემული არ არის გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების თანახმად, ნებართვების მოპოვებისა და მშენებლობის დაწყების ვადად განსაზღვრულია არაუგვიანეს 2014 წლის 1-ელი მარტი.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამ მომენტისათვის დამტკიცებული არ არის ადგილობრივ მაცხოვრებელთა განსახლების გეგმა.

უჩა ნანუაშვილი რეკომენდაციაში უსაფრთხოების საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი ვარიანტის თანახმად, პროექტის განხორციელების შედეგად იტბორება ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი გზა. სახალხო დამცველის ინფორმაცით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი გზის ალტერნატიული ვარიანტის განხორციელების შედეგად, მაქსიმალურად უახლოვდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს და შეფასდეს პროექტის განხორციელება ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

"ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების სამართლებრივი პროცედურა შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ნორმებთან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით შეფასდეს ინვესტიციის მიმზიდველობა და გაკეთდეს ეკონომიკური ანალიზი, მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოების ადეკვატური, დროული და ეფექტური ინფორმირება გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე. ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ნებართვების გაცემისას უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების წესის დაცვა, მოსახლეობასთან შეთანხმებით შემუშავდეს ადგილობრივ მაცხოვრებელთა განსახლების სამოქმედო გეგმა, განსახლების პოლიტიკა და მონიტორინგის გეგმა. კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიღებული იქნეს ზომები მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, შეფასდეს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით", - ეს არის რეკომენდაციები, რომლითაც სახალხო დამცველი მთავრობას მიმართავს.