„ქართული ოცნების“ დეპუტატი: „ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ბიტკოინის მაინინგის დანერგვამ გამოიწვია, რასაც 500 მლნ კვტ/სთ დენი დასჭირდა“

ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, რასაც მოხმარების მატება განაპირობებს, ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, საყოფაცხოვრებო ტარიფზე აისახება.

2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 1,5 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს თითქმის სამჯერ აღემატება. საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტის ზრდას 2018-2019 წლებშიც უნდა ველოდოთ. 2018 წელს მოსალოდნელია ექსპორტის მატებაც, თუმცა ამ დარგში პროგნოზები ყოველთვის როდი მართლდება... სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის წევრი, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი - რეზო არველაძე:

- 2017 წელს ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა: ჩვენ ველოდით, რომ მოხმარება 4-5%-ის ფარგლებში მოიმატებდა, მაგრამ თითქმის 9%-ამდე ავიდა და 500- მილიონიანი ზრდის ნაცვლად, 900 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა. იგივე მოხდება 2018 და 2019 წლებშიც. მიმდინარე წელს ელექტროენერგიის იმპორტი 2 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.

-რატომ იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება ასე სწრაფად?

-გასულ წელს ეკონომიკის განსაკუთრებულ ზრდას ადგილი არ ჰქონია, ეს უფრო ბიტკოინის მაინინგის დანერგვამ გამოიწვია, რასაც თითქმის 500 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია დასჭირდა. 2017 წელს ბიტკოინის გამოყენება ყველაზე მეტად გახშირდა აფხაზეთში, სადაც ამ მიზნით რუსეთის მოქალაქეებიც შედიან, ეს იმიტომ ხდება, რომ აფხაზეთში ელექტროენერგია უფასოა. იგივე ხდება მესტიაში და ყველგან, სადაც შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს - ბიტკოინის მომხმარებლები ყველგან აქტიურობენ. როდესაც მოხმარება იზრდება და სიმძლავრეები არ ჰყოფნის, საიდან უნდა მოიტანო ელექტროენერგია? - ბუნებრივია, უნდა შემოიტანო. სწორედ ამიტომ, გასულ წელს ელექტროენერგიის იმპორტი ლამის გასამმაგდა.

-ბატონო რეზო, როგორ უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი?

-საერთოდ, მიღებულია, რომ ენერგეტიკის განვითარება ეკონომიკის განვითარებას წინ უნდა უსწრებდეს, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ეს ვერ ხერხდება. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ვერ ვიყენებთ უზარმაზარ სიმდიდრეს, რომელიც საქართველოს აქვს - ჩვენს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს, რომელიც სწრაფი ტემპით უნდა ავითვისოთ. არსებობს მრავალი პროექტი, რომელიც ხელს შეუშლიდა იმპორტის ზრდას და ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას შეაჩერებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ პროექტებს ხელი ეშლება. ეს ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის წინააღმდეგობის ბრალიცაა.

-ძალიან ბევრ ჰესის აშენებას არასამთავრობო სექტორი და მოსახლეობა იმის გამო უშლის ხელს, რომ ის სოფლებს დატბორავს და ხალხის გასახლება გახდება საჭირო...

-ამის საპასუხოდ ჩინეთის მაგალითს მოვიყვან: ენერგეტიკის განვითარების მხრივ ჩინეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. იქ ერთ-ერთი მსხვილი ელექტროსადგური რომ შენდებოდა, დატბორვის ზონიდან 1 მილიონი ოჯახი გაასახლეს. რა თქმა უნდა, მათ სულაც არ უნდოდათ საცხოვრებლის შეცვლა, მაგრამ სახელმწიფოს ასე სჭირდებოდა და სხვა ადგილას დასახლდნენ. ამ ხალხს ჩვენსავით არავინ დაპირებია, რომ სახელმწიფო ორჯერ უკეთეს პირობებს შეუქმნიდა. ჩვენთან კი, პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესები ძალზე ხშირად ეწირება. თუ მოსახლეობას სამართლიანი მოთხოვნები აქვს, ყველამ ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, მაგრამ როცა კარგ პროექტს გაუმართლებელი მიზეზებით აფერხებენ, ამას სახელმწიფომ უნდა მიხედოს. ჰესები უნდა ავაშენოთ კარგად შესწავლილ ადგილებში - იქ, სადაც მისაღებია. არავის უთქვამს, რომ ეკოლოგიის თუ ანგრევს, მაინც უნდა აშენდეს, კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ და თუ დადებითი შედეგები უარყოფითს აჭარბებს, ახალი ჰესები აუცილებლად უნდა ავაგოთ.

-ბატონო რეზო, ხომ შეიძლება სხვა ტიპის ელექტროსადგურები ავაშენოთ?

-პირველ რიგში ეს თბოელექტროსადგურებია, მაგრამ ყველა თბოელექტროსადგური გაზზე მუშაობს, გაზი კი - უცხო ქვეყნებიდან უნდა შემოვიტანოთ. ასე რომ, თბოელექტროსადგურებიც იმპორტის ზრდას გამოიწვევს. ერთადერთი წყარო, რომელიც გვაქვს, ნახშირია, მაგრამ მისი მარაგი მხოლოდ 300-მეგავატის სიმძლავრის სადგურს ეყოფა. დღეს ბევრს საუბრობენ განახლებადი ენერგიის წყაროებზეც, მაგრამ ეს არასტაბილური წყაროებია. ასე რომ, თუ ჩვენს ჰიდრორესურსებს არ გამოვიყენებთ, მომავალშიც ვერ შევძლებთ ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. თავისთავად ცხადია, რომ ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ტარიფზე აისახება, რადგან იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი ყოველთვის იქნება დამოკიდებული დოლარის კურსზე. ლარის და დოლარის შეფარდება მთავარი ფაქტორია, რომელიც ელექტროენერგიის ტარიფს განსაზღვრავს.

-და ბოლოს, გახდება თუ არა საქართველო ელექტროენერგიის მსხვილი ექსპორტიორი, როგორც ბევრი იმედოვნებს?

-საქართველოს ენერგეტიკის განვითარების 10-წლიან გეგმას თუ გადავხედავთ, იქ შავით თეთრზე წერია, რომ 10 წელიწადში მსხვილი ექსპორტიორები უნდა გავხდეთ, მაგრამ ჩვენი ენერგოსისტემა ამ მოთხოვნებს ვერ გასწვდება. ეჭვი მაქვს, რომ ეს იმედი ქაღალდზე დარჩება და 10 წელიწადში საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ვერ გახდება.

ხათუნა ჩიგოგიძე