"აუდიტის დასკვნა მიუთითებს 2015-16 წლებში თბილისის გამწვანების ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე"

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის მართვის სააგენტო აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება.

როგორც კალაძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მერიის ქონების მართვის სააგენტო აუდიტის შენიშვნების ნაწილს ეთანხმება და მომავალში გამოსასწორებლად მზად არის.

„ქონების მართვის სააგენტო შენიშვნების ნაწილს ეთანხმება და მზადაა, მომავალში, პრაქტიკაში გაითვალისწინოს და გამოასწოროს. ასევე, ჩვენ გვაქვს დასაბუთებული პასუხი, რაშიც არ ვეთანხმებით და მზად ვართ, შესაბამის ორგანოებთან ვითანამშრომლოთ“, - აღნიშნავს კალაძე.

რაც შეეხება გამწვანების საკითხს, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები: „საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, დენდროლოგიური პარკისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო 398 ათასზე მეტი ხე-მცენარე. პროცესის მიმდინარეობისას დაშვებულია გარკვეული ხარვეზები“.

როგორც კალაძე განმარტავს, დასკვნა ადასტურებს, რომ ამჟამად დედაქალაქის მერია სწორი მიმართულებით მიდის.

„ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მერია ამჟამად, სწორი მიმართულებით მიდის და რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, კონკრეტულად ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით, არის სწორი ნაბიჯი. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ეფექტიანად დაიგეგმოს და განხორციელდეს გამწვანების ღონისძიებები და მიზნობრივად დაიხარჯოს თითოეული თეთრი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონკრეტულად ამ მიმართულებით გამოიყოფა.

ეს გადაწყვეტილება აღარავის მისცემს ლავირებისა და გამწვანების ღონისძიებების საკუთარ გემოვნებასა და ინტერესებზე მორგების საშუალებას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ გამწვანება საკმაოდ რთული, სპეციფიკური მიმართულებაა და მისი ღონისძიებები მხოლოდ დარგვით არ შემოიფარგლება. თითოეულ ნარგავს სჭირდება სათანადო მოვლა-პატრონობა, რათა შედეგი რეალურად გამწვანებული გარემო იყოს.

ეს ყველაფერი კომპლექსურად დაარეგულირებს თბილისში ნებისმიერი ტიპის მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხს და შესაძლებლობას მოგვცემს, ქალაქის სამომავლო გამწვანება იყოს ეფექტიანი და დედაქალაქის ეკოლოგიაზე გავლენა მოახდინოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.