სსფ: "2017 წელს ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2017 წელს ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო. ზრდამ, სავარაუდოდ, 4.8 პროცენტი შეადგინა, რასაც მოხმარების და საგარეო მოთხოვნის ზრდამ შეუწყო ხელი.

მათივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სტრუქტურულ რეფორმებს მაღალი, მდგრადი და ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად.

„2017 წელს ეკონომიკური ვითარება პოზიტიური იყო. ზრდამ 4.8 პროცენტს მიაღწია, რასაც მოხმარების და საგარეო მოთხოვნის ზრდამ შეუწყო ხელი. ექსპორტის, ტურიზმის, და ფულადი გზავნილების გადმორიცხვების მატებამ ეკონომიკური აქტივობის ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-ს 7 პროცენტამდე შემცირება გახადა შესაძლებელი (2017 წლის 3 კვარტლის მონაცემის მიხევდით). 2017 წელს ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 6.7 პროცენტი შეადგინა, რაც ძირითადად საწვავსა და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდით იყო გამოწვეული. წლის დასასრულს ინფლაციური მოლოდინის ზრდის პასუხად, დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7¼ პროცენტამდე. 2018 წლის იანვარში, წლიურმა ინფლაციამ 4.3 პროცენტამდე დაიკლო, როგორც იყო მოსალოდნელი.

წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ ფისკალური მაჩვენებლები მოსალოდნელზე უკეთესად შესრულდა. ფისკალური დეფიციტი (სსფ-ს პროგრამის განსაზღვრების მიხედვით) მშპ-ს 2.9 პროცენტი იყო, რაც მოსალოდნელზე ½ პროცენტით უკეთესი მაჩვენებელია. შემოსავლების მატება განპირობებული იყო სხვადასხვა გადასახადით მიღებული შემოსავლების მეტობით გეგმასთან შედარებით. მიმდინარე ხარჯები შეზღუდული იყო, ხოლო სახელმწიფო კაპიტალური ხარჯი გაზრდილი. სამომავლოდ, მიმდინარე ხარჯების შეზღუდვა და შემოსავლების მობილიზების გაუმჯობესება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო კაპიტალური ინვესტიციების განსახორციელებლად და ინფრასტრუქტურული გამოწვევების შესამცირებლად.

სსფ-ს მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა იმ სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმდინარეობა, რაც მაღალ, მდგრად და მეტად ინკლუზიურ ზრდას შეუწყობს ხელს. საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები საქართველოს შემოსავლების სამსახურის გაძლიერების, კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობის და ფინანური უსაფრთხოების სისტემების დახვეწის მიმართულებით; პარლამენტს წარედგინა კანონპროექტები კერძო-საჯარო პარტნიორობისა და საპენსიო რეფორმის შესახებ. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არსებული პოზიტიური ტენდენციები საშუალებას იძლევა მობილიზდეს ადგილობრივი დანაზოგი, გაიზარდოს კერძო ინვესტიციები და მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება. ეს რეფორმები საჭიროა საშუალოვადიანი ზრდის წასახალისებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.

სსფ-ს მისია შეხვდა პირველ ვიცე-პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, ფინანსთა მინისტრს მამუკა ბახტაძეს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებს; ასევე კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას გულახდილი და კონსტრუქციული დიალოგისთვის ვიზიტის განმავლობაში. სსფ-ს მისია აგრძელებს თანამშრომლობას ქვეყნის ხელისუფლებასთან "მეოთხე მუხლის კონსულტაციების" და სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მეორე მიმოხილვის ჩასატარებლად ამა წლის აპრილის თვეში“, - ნათქვამია სსფ-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განცხადებას ვიზიტის წინასწარი მიგნებების შესახებ. ეს განცხადება ეკუთვნის მისიის წევრებს და შესაძლებელია, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მოსაზრებას. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოზე არ განიხილება.