დოლარი 2014 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

მცირე პაუზის შემდეგ, დოლარმა ვარდნა გააგრძელა და აზიური სესიის დროს, ბოლო ოთხი წლის მინიმუმი განაახლა. უფრო მეტიც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დოლარის ინდექსზე, ბოლო ორ წელიწადში ყველაზე ღრმა ერთკვირიანი კლება ექნება.

და ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ შრომის ბაზარზე და ინფლაციის კუთხით, დადებითი სტატისტიკა ქვეყნდება და იმავდროულად, სახელმწიფო ობლიგაციების მომგებიანობა რეკორდულ მაჩვენებლამდე იზრდება.

დოლარზე უარყოფით ძლიერ ზეწოლას რამდენიმე ფაქტორი ახდენს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმის შიში, რომ ვაშინგტონს სუსტი დოლარის სტრატეგია აქვს არჩეული. გარდა ამისა, ყველა იმ ვალუტაზე, რომლებიც დოლარის ინდექსის კალათაში შედის, მალე რბილი მონეტარული პოლიტიკის დასრულებაა მოსალოდნელი.

დოლარის ინდექსმა, რომელიც ექვს ვალუტასთან მის გასაშუალოებულ კურსს ასახავს, 88.253-მდე დაიკლო, რაც 2014 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გასული კვირის განმავლობაში, დოლარის ინდექსი დაახლოებით 2 პროცენტით შემცირდა. პარალელურად, სახელმწიფო ობლიგაციების მომგებიანობა 3 პროცენტს უახლოვდება და უკვე განაახლა ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმი.

შექმნილი სიტუაცია ბევრი ანალიტიკოსისთვის პარადქსულია, რადგან როგორც წესი, სახელმწიფო ობლიგაციების მაღალი მომგებიანობა, დოლარის სიმყარის საწინდარია. ამჯერად კი საპირისპირო ხდება. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ იზრდება აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი, რაც ინვესტორებისთვის დიდი რისკის შემცველია.