გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შპს „ბათუმი თაუერმა“ არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და სააგენტომ არ იმოქმედა კანონით გათვალისწინებული ნორმით, არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ბათუმში, ნინოშვილი/ჟღენტის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (ე.წ. „ბათუმი თაუერი“) 25 004 626 აშშ დოლარად ელექტრონულ აუქციონზე 2015 წლის მარტში გაყიდა. ქონება დეველოპერულმა კომპანია შპს „ბათუმი თაუერმა“ შეიძინა და აიღო ვალდებულება ობიექტზე უზრუნველყოს არანაკლებ 4- ვარსკვლავიანი 100- ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა და განახორციელოს 15 000 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, აუქციონის პირობების მიხედვით, ობიექტის საპრივატიზებო ღირებულება, კომპანიას რამდენიმე ტრანშად, ხელშეკრულების დადებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა.
”კომპანიამ საპრივატიზებო ღირებულება - 25 004 626 აშშ დოლარი გადაიხადა სრულად, თუმცა ვადის დარღვევით, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების თანახმად, „ბათუმი თაუერს“ დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო 1 051 999.5 აშშ დოლარის ოდენობით და მის გადასახდელად განესაზღვრა 2018 წლის 1 სექტემბერი.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე შპს „ბათუმი თაუერის“ საინვესტიციო პირობების დარღვევა გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ კომპანიამ ობიექტის საპრივატიზებო საფასური 25 004 626 აშშ დოლარი გადაიხადა ვადის დარღვევით, რის გამოც დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობები არის შესრულების პროცესში და არ ფიქსირდება ვადაგადაცილება.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა შპს „ბათუმი თაუერმა“ არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და სააგენტომ არ იმოქმედა კანონით გათვალისწინებული ნორმით, არ შეესაბამება სიმართლეს”, -აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, ბათუმში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ყოფილ შენობასთან აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ უნივერსიტეტისთვის განკუთვნილი შენობა წლების წინ გაასხვისა, თუმცა კომპანია ვალდებულებებს არღვევს.