„ვაკის ხორცპროდუქტები“ გლდანში ახალი ქარხნის მშენებლობას სავარაუდოდ, მარტში დაიწყებს. კომპანიის ძველი ქარხანა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად მთლიანად დაზიანდა. ზარალის ოდენობამ კი სამ მილიონ ლარს გადააჭარბა. მას შემდეგ „ვაკის ხორცპროდუქტები“ დროებით ლილოში მდებარე „იოლის“ ქარხანაშია გადასული.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩხაიძემ განუცხადა, დედაქალაქის მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდებიან, რის შემდეგაც აქტიურ სამუშაოებს დაიწყებენ.
„მშენებლობის დაწყებას თებერვალში ვაპირებდით, თუმცა დედაქალაქის მერიისგან ნებართვას ამ დრომდე ველოდებით. სავარაუდოდ, თვის ბოლოს ნებართვის გაცემა მოხდება და უკვე მარტიდან სამშენებლო სამუშაოებს დავიწყებთ. თუ დროულად დაიწყო, წლის ბოლოს უკვე მშენებლობის დასრულებას ვგეგმავთ“, - აღნიშნავს ჩხაიძე.
მისი ინფორმაციით, ახალი ქარხნის მშენებლობისთვის დაახლოებით 5-6 მილიონი ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება გლდანში მდებარე ფართს, ლევან ჩხაიძის თქმით, კომპანიას 900 კვადრატული მეტრი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გადაეცა.
მისივე თქმით, ახალ ქარხანაში სულ 300 ადამიანი დასაქმდება: „ამჟამად 250 თანამშრომელი გვყავს და მათ რიცხვს ახალ საწარმოში, 300-მდე გავზრდით. ამ დროისთვის დაახლოებით 60-65 დასახელების ხორცპროდუქტს ვაწარმოებთ. ქარხნის აშენების შემდეგ კი, შესაძლებლობა გვექნება, ასორტიმენტი გავაორმაგოთ“, - აღნიშნავს „ვაკის ხორცპროდუქტების“ გენერალური დირექტორი.
თეონა კენჭიაშვილი