თბილისის მერი კახა კალაძე „ფორმულა 1“-ის ცნობილ ბრიტანელ მრბოლელს ზოი ვიტაკერსა და საქართველო-ბრიტანეთისსამრეწველო პალატის დირექტორს მაკო აბაშიძეს შეხვდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე „ფორმულა 1“-ის მრბოლელის მონაწილეობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მასშტაბური პროექტის - Driving with Zoe განხორციელებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
საკოლექციო კლასიკური ავტომანქანებით რბოლა 26 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით, თბილისის გარდა, კიდევ რამდენიმე ქალაქშია დაგეგმილი. პროექტის მიზანი საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ახალი კუთხით წარმოჩენა და მოგზაურობის ალტერნატიული სახეობის - კლასიკური ავტომანქანებით რბოლის პოპულარიზაციაა.
„გვსურს, რომ კლასიკური ავტომანქანების რალიში რაც შეიძლება მეტი ქართველი და ადგილობრივი მოსახლე ჩავრთოთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩამოსვლა და რალის გამართვა კი არა, მასში საზოგადოების ჩართვაცაა. 26 მაისი, რალის დაწყების დღედ იმიტომ შევარჩიეთ, რომ საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. რალი ასევე, არის შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩამოვლენ, რათა ნახონ, თუ რა ბიზნეს შესაძლებლობებია ქვეყანაში“, - განაცხადა ზოი ვიტაკერმა.
ბრიტანელმა მრბოლელმა ასევე, სურვილი გამოთქვა, რომ აღნიშნულ პროექტს სოციალური დატვირთვაც ჰქონდეს. კერძოდ, მისი განცხადებით, საქართველოში პროექტის უსაფრთხო ტარების პოპულარიზაციისთვის გამოყენებაა შესაძლებელი. ზოი ვიტაკერის პროექტის ფარგლებში, საქართველოზე დოკუმენტური ფილმიც მომზადდება.
ბრიტანელი მრბოლელი საქართველოში პირველად გასული წლის აგვისტოში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს მისი პროექტის - Driving with Zoe საქართველოსთან დაკავშირება და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა წარმოადგენდა.