გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO). საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის მოადგილემ, მარია ჰელენა სემედომ რომში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, FAO საქართველოს მეთევზეობის სექტორისა და აკვაკულტურის განვითარებაში დაეხმარება.
ტექნიკური დახმარების პროექტი გულისხმობს მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესებას, წყალქვეშა რესურსების მდგრად გამოყენებას, სპეციალისტთა გადამზადებას, ასევე, კონტროლისა და მონიტორინგის სისტემების დანერგვას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებებისა და გარემოს დაცვის კუთხით FAO -სთან თანამშრომლობის საკითხებსაც.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, შავ ზღვას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია თევზჭერისა და აკვაკულტურის კუთხით.
„საქართველო ამჟამად აქტიურად მუშაობს პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში მეთევზეობის სექტორსა და აკვაკულტურას დაარეგულირებს. ამ პროგრამის შემუშავებაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია FAO-სგან მიღებული მხარდაჭერა. შავ ზღვას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია თევზჭერისა და აკვაკულტურის კუთხით და საჭიროა ამ რესურსების საფუძვლიანად ათვისება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის მოადგილის, მარია ჰელენა სემედოს განცხადებით, FAO დიდი ხანია საქართველოსთან თანამშრომლობს.
„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან სოფლის მეურნეობის, კლიმატის ცვლილებისა თუ სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხით; ამჯერად აქცენტს გავაკეთებთ მდგრადი განვითარების მე-14 გლობალურ მიზანზე - წყალქვეშა რესურსების მდგრად გამოყენებაზე, რომლის მისაღწევად FAO დახმარებას უწევს ქვეყნებს არალეგალური, უნებართვო და არარეგულირებადი თევზჭერის აღმოფხვრაში“, - განაცხადა მარია ჰელენა სემედომ.
ტექნიკური დახმარების პროექტის უშუალო განმახორციელებელი ხმელთაშუაზღვის მეთევზეობის კომისია იქნება.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტთან, რომელთანაც ქართული მხარე მრავალი წელია თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. პროექტში - სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა (AMMAR) - მნიშვნელოვანი კომპონენტია ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება. ამ კომპონენტში ჩართულია გარემოს დაცვითი მიმართულებაც, რაც კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითრებას გულისხმობს.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ დახმარების გაგრძელება, რომელსაც საქართველო IFAD-ისგან იღებს.
„სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) 41-ე მმართველთა საბჭოზე გადაწყდა საქართველოსთვის შემდეგი 5-წლიანი სტრატეგიის დამტკიცების საკითხი. ქართული მხარისთვის ძალინ მნიშვნელოვანია იმ დახმარების გაგრძელება, რომელსაც საქართველო IFAD-ისგან იღებს. მომავალში ვითანამშრომლებთ მეცხოველეობის განვითარების მიმართულებით, რაც, დარწმუნებული ვარ, ხელს შუწყობს საქართველოში დარგის ეფექტიან განვითარებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.