ეს ყველაზე უცნაური ქალაქებია, რომელთაგან ზოგში მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, ზოგიერთში კი - საშიში მტაცებელი ცხოველები ადამიანების გვერდით თავისუფლად დაიარებიან.
ცისფერი ქალაქი მაროკოში - შეფშაუენი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია მაროკოში. ყველაზე საოცარი აქ ისაა, რომ მთელი ქალაქი ცისფრად ელვარებს. 1930-იან წლებში ამ ქალაქში ებრაელი ლტოლვილები დასახლდნენ და სწორედ მათ შეღებეს ყველაფერი ლურჯად.
იცოდით, რომ არსებობს ქალაქი, სადაც ერთადერთი ადამიანი ცხოვრობს? მონოვის მცხოვრები ერთადერთი ადამიანი ელსი ეილერია. საინტერესოა, რომ ამ ქალაქში არის პატარა მაღაზია და ბიბლიოთეკა, რომელსაც თავად ელსი მართავს. ის ითვლება ამ ქალაქის
მერადაც. პატარა ქალაქი თანდათან დაიცალა, ბოლოს ეილერების წყვილი დარჩა მხოლოდ და ელსის ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მხოლოდ ისღაა ამ ქალაქის ერთადერთი ბინადარი.
ალასკაში, პატარა ქალაქ უიტიერში 220 ადამიანი ცხოვრობს და პრაქტიკულად ყველანი ბინადრობენ ერთადერთ, 14-სართულიან კორპუსში. ამავე შენობაშია პოლიციის სამმართველო, საფოსტო უწყება, მაღაზია და ეკლესიაც კი. ამ პატარა ქალაქში მოხვედრა შეიძლება 4-კილომეტრიანი გვირაბით, რომელიც ყოველ საათში ერთხელ იხსნება ან წყლის მეშვეობით.
პატარა ქალაქი მარლოტ-პარკი კრიუგერის ეროვნულ ნაკრძალთან მდებარეობს, სამხრეთ აფრიკაში. ქალაქი უნიკალურია იმით, რომ გარშემო, ნაკრძალის ბინადარი უამრავი ველური ცხოველი დაიარება, მათ შორის ნიანგები და ლომებიც კი, არადა, ქალაქის მცხოვრებლებს არ აქვთ უფლება, სახლები შემოღობონ და თავი დაიცვან. ველური ცხოველები ხშირად შედიან ქალაქის ტერიტორიაზე, ბაბუინები სახლებშიც კი უვარდებიან მობინადრეებს და მაცივრებს უცარიელებენ, ჟირაფები და სპილოები კი ქუჩას კეტავენ. ბევრი მცხოვრები კი ნიანგებისა და ლომების მსხვერპლიც კი გახდა.
ესპანეთში მდებარეობს ძველებური, მავრიტანული ქალაქი სეტენილ-დე-ლას-ბოდეგასი, რომელიც უნიკალურია - ნახევრად კლდის კალთაშია შეჭრილი და ნახევრად კი მთის წვერზეა განთავსებული. პატარა ზომების მიუხედავად, ეს კლდოვანი ქალაქი უამრავ ტურისტს იზიდავს.
ნაგვის ქალაქი - ეს პატარა ქალაქი კაიროსთან მდებარეობს ეგვიპტეში. კაიროში არასდროს არ იყო მოწესრიგებული ნაგვის გატანა და გარეუბანში, მანშიატ ნასირში ცარიელ ტერიტორიებს ავსებდნენ ნაგვით მთელი 70 წელი. ეს კვარტალი წლიდან წლამდე ნაგვით გაივსო და დღეს მენაგვეების ქალაქად იქცა. მისი მცხოვრებნი ნაგავს აგროვებენ კაიროში და მერე გადასარჩევად თუ გადასამუშავებლად, მანშიატ ნასირში მიაქვთ. აქ ყველგან ნაგავია, არა მხოლოდ მიწაზე, არამედ სახლებშიც და სახლების სახურავებზეც კი.
ამერიკაში მდებარეობს ქალაქი როზუელი, რომელსაც უცხოპლანეტელთა ქალაქს უწოდებენ. 1947 წლამდე ეს ჩვეულებრივი ქალაქი იყო, მაგრამ სწორედ ამ პერიოდიდან გავრცელდა ხმები, თითქოს იქ სიახლოვეს მფრინავი თეფში ჩამოვარდა. მას მერე აქაური ბინადრები ხშირად ყვებოდნენ, როგორ დაინახეს სხვადასხვა ამოუცნობი ობიექტი. ქალაქში დღეს მაკდონალდსიც კი მფრინავი თეფშის ფორმისაა და უცხოპლანეტელთა ფესტივალები იმართება.
კუბერ-პედი მიწისქვეშა ქალაქია, რომელიც ავსტრალიაში მდებარეობს. ქალაქი 1915 წელს ჩამოყალიბდა - ევროპიდან უამრავი ადამიანი ჩამოვიდა ამ მიდამოებში გასამდიდრებლად, მაღაროებში სამუშაოდ და ძვირფასი ქვების მოსაპოვებლად. მალე აღმოაჩინეს, რომ მიწისქვეშ არა მხოლოდ მუშაობა, ცხოვრებაც ჯობდა, რადგან მიწის ზემოთ, უდაბნოში 51 გრადუსამდე იყო ტემპერატურა და საშინლად ცხელოდა. ასე თანდათან ჩამოყალიბდა მიწისქვეშა ქალაქი, სადაც ყველაფერია, მაღაზიების და ეკლესიის ჩათვლით, სასტუმროც კი.
მეკსალტიტანი არის პაწაწინა ქალაქი წყალზე, რომელშიც 800-მდე ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობა კიბორჩხალების ჭერით არის დაკავებული. წვიმების სეზონზე ქალაქის ქუჩები მთლიანად წყლით იტბორება და მცხოვრებლები იძულებული ხდებიან, ნავებით გადაადგილდნენ.
წყარო: shin.ge